სუდანში შეიარაღებულ ძალებსა და „სწრაფი რეაგირების ძალების“ გასამხედროებულ ჯგუფს შორის საომარი მოქმედებების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა და 2600-ზე მეტი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

„სუდანში შექმნილი ვითარება ღრმა შეშფოთებას იწვევს. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების ცენტრი იტყობინება, რომ 270 ადამიანი დაიღუპა და 2600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა ყველა მხარეს, გაითვალისწინონ მოწოდებები ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსის თქმით, ორშაბათს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ორგანიზაციის (OCHA) ოფისი სუდანის დარფურის რეგიონში გაძარცვეს.

„ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. ეს მიუღებელია და უნდა შეწყდეს", - დაწერა მან Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ სუდანში დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. „სწრაფი რეაგირების ძალები“ გასამხედროებული ფორმირებაა, რომელიც სუდანის რეგულარულ არმიაში არ შედის და თავდაცვის სამინისტროს არ ექვემდებარება. 2019 წელს, მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტეტული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 000 ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.