22 დეკემბერს ირანში, ისტორიაში პირველად შაჰიდ ჰაშემი ნეჯადის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ეკიპაჟიც და მგზავრებიც მხოლოდ ქალებით იყო დაკომპლექტებული. თვითმფრინავს ირანელი პილოტი ქალი, სახელად შაჰრზად შამსი მართავდა. ინფორმაცია ისტორიული ფაქტის შესახებ ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ IRNA-მ გაავრცელა. რეისი ირანულმა ავიაკომპანიამ ,,Aseman Airline’’-მ შეასრულა. ფრენას "Iran Banu" ეწოდა, რაც სპარსულად "ქალბატონი ირანი" ნიშნავს. ეკიპაჟის გარდა, ბორტზე 110 ქალი მგზავრი იმყოფებოდა. ფრენა ირანში დედის დღის აღსანიშნავად დაიგეგმა.
2023 წელს ,,ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსის’’ მიხედვით ირანი 177 ქვეყანას შორის 140-ე ადგილს იკავებდა ქალთა სტატუსისა და უსაფრთხოების მიხედვით. 2007 წლიდან ირანში ქალები სულ უფრო მეტად იდევნებიან ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო.
2022 წლის სექტემბერში ირანში სტუდენტი მაჰსა ამინის მკვლელობას პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ ის თეირანში „ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის“ დააკავა. რამდენიმე დღის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. პროტესტში მონაწილე გოგონებმა ჰიჯაბი გაიხადეს და მას ფეხებით გადაუარეს. პროტესტის ნიშნად ქალბატონები კამერების წინ თმას იჭრიდნენ და შარფებს წვავდნენ, ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ.
ირანში ,,ჰიჯაბისა და უბიწოების“ შესახებ კანონი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ჰიჯაბის გარეშე საჯარო სივრცეში გამოსვლის გამო ქალებს 8 მილიონი რიალით აჯარიმებენ. ისინი კი ვინც მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ჰიჯაბს „შეურაცხყოფენ“ ან „დასცინიან“360 მილიონ რიალამდე ჯარიმა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ემუქრებათ.