სომხეთში გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან გასვლის პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს , - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, განცხადების ავტორები გმობენ იმ საფრთხეს, რაც "სომხეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას რუსეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ემუქრება" და სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვოს.

განცხადების ავტორები „ყარაბაღელი სომხების იძულებით დეპატრიაციას შიმშილისა და სამხედრო აგრესიის გზით“ იმავე ლოგიკით განიხილავენ, როგორც „რუსეთის აგრესიასა და გენოციდს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“.

განცხადების ავტორები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, მიმართოს ევროკავშირს სრულუფლებიანი გაწევრიანების თხოვნით, ხელი მოაწეროს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, ინდოეთთან და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან და დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა დასავლურ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო და სამხედრო ტექნიკური გაღრმავების მიზნით.