კომპანიები, რომლებიც სიცილიის მცხოვრებლებს მუდმივ სამსახურში აიყვანენ და დისტანციურად მუშაობის უფლებას მისცემენ, თითოეული ასეთი თანამშრომლისთვის 30 ათას ევროს მიიღებენ.
პროგრამის დახმარებით სიცილიის ხელისუფლება კვალიფიციური სპეციალისტების გადინების შეჩერებასა და კუნძულიდან სამუშაოს საძებნელად წასული ადამიანების დაბრუნებას გეგმავს.
თანამშრომლებს შეეძლებათ იმუშაონ როგორც იტალიის სხვა რეგიონებში, ისე უცხოეთში მოქმედ კომპანიებში, თუმცა თავად სიცილიაში უნდა ცხოვრობდნენ.
კომპანიას შეუძლია სამსახურში აიყვანოს როგორც ადამიანი, რომელიც უკვე ცხოვრობს კუნძულზე, ისე თანამშრომელი, რომელიც სიცილიაში დაბრუნებას ან გადასახლებას გეგმავს. მთავარი პირობაა, სუბსიდიის დამტკიცების მომენტისთვის დასაქმებული ოფიციალურად იყოს რეგისტრირებული კუნძულზე.
პროგრამა რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი. ინიციატივის მიზანია სიცილიამ მოსახლეობა შეინარჩუნოს, ადგილობრივი ბიზნესი გააძლიეროს და საცხოვრებლად და სამუშაოდ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდეს.
სწორედ ამიტომ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხანგრძლივი შრომითი ხელშეკრულებაა. თანამშრომელი ვალდებული იქნება, სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში ძირითადად სიცილიაში იცხოვროს და იქიდან იმუშაოს.
ეს ევროპაში პირველი ინიციატივა არ არის, რომელიც მოსახლეობის არადედაქალაქურ რეგიონებში მოზიდვას ემსახურება. მაგალითად, იტალიის ქალაქ ვარეზეში სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად 6 ათას ევროს უხდიან მათ, ვინც ქალაქში მუდმივად გადავა საცხოვრებლად. მთავარი მოთხოვნა ადგილობრივ პროვინციაში ოფიციალურად დასაქმებაა.