ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რამდენიმე დღის წინ დამასკოში ჩავიდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად. ისინი ყოფილ ჯიჰადისტს, სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდნენ, რომელიც ბაშარ ალ-ასადის დამხობის გზით მოვიდა ხელისუფლებაში.
ევროპელები აზიაში ხელცარიელები არ ჩასულან. მათ ბარგში იდო სოლიდური ჩეკი - 620 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიმდინარე და მომდევნო წლისთვის. ეს თანხა გასული წლის მარტში დაპირებულ 2.5 მილიარდ ევროს დაემატება.
სირიის ინფორმაციის სამინისტროს მიერ 2026 წლის 9 იანვარს გავრცელებულ ფოტოზე ჩანს სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა (მარცხნივ), ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას (მარჯვნიდან მეორე) და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის (ცენტრში) დამასკოში, სახალხო სასახლეში მიღების დროსსაინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
გზავნილი ნათელია: ევროპას სირიის აღდგენის დაჩქარება და ქვეყნის სტაბილიზაცია სურს. გასული წლის მაისში, ბრიუსელმა სირიას ყველა ეკონომიკური სანქცია, ფაქტობრივად, უკვე მოუხსნა. ამჯერად ევროკავშირი უფრო შორს მიდის: თანამშრომლობის შეთანხმებას აახლებს და სირიას ევროპულ ბაზარზე წვდომას უხსნის.
მიგრაცია: მთავარი საკითხი
ეს ევროპული ვალდებულება უანგარო არ არის. გეოპოლიტიკაში არ არსებობს დიდსულოვნება, არსებობს მხოლოდ ინვესტიცია. ევროპას საკმარისად სტაბილური სირია სურს, რათა სირიელებს ევროპაში დარჩენის მიზეზი აღარ ჰქონდეთ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს პირდაპირ თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ სირიელებს ჰქონდეთ სახლში დაბრუნებისა და აქ ცხოვრების თავიდან აწყობის რეალური პერსპექტივა“.
დღეს ევროკავშირში დაახლოებით 1.4 მილიონი სირიელი ცხოვრობს, მათი ორი მესამედი გერმანიაში ბინადრობს. შვედეთი დაახლოებით 200 000 მიგრანტ სირიელს მასპინძლობს. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მთავარ მასპინძელ ქვეყნად თურქეთი რჩება, სადაც რამდენიმე მილიონი სირიელი იმყოფება: სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რადგან ევროკავშირი ანკარას ფულს უხდის, რათა სირიელები ევროკავშირის მიღმა ამყოფოს.
თუმცა, ერთი წლის წინათ, ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, დაახლოებით 3 მილიონი სირიელი სამშობლოში დაბრუნდა, ძირითადად - თურქეთიდან და ლიბანიდან. უცნობია, რამდენი დაბრუნდა ევროპიდან. მაგრამ ერთი რამ ცხადია: პირუკუ ნაკადები სირიიდან, თავის მხრივ, ერთ წელიწადში თითქმის 80%-ით შემცირდა.
გასახლების განახლება
ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის ეს საკმარისი არ არის. რამდენიმე ქვეყანას ახლა სურს დამასკოში გაძევების განახლება. გერმანია ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. 23 დეკემბერს მან 2011 წლიდან პირველი გაძევება სირიაში განახორციელა.
ეს გარდამტეხი მომენტია ქვეყანაში, სადაც მიგრაციული დისკურსი, ულტრამემარჯვენეების აღზევების ფონზე, საგრძნობლად გამკაცრდა. გერმანიის ხელისუფლების მონაცემებით, ამჟამად 10 000 სირიელს ქვეყნის დატოვების ვალდებულება აქვს.
სირია არასტაბილურ ქვეყნად რჩება
რჩება ერთი მთავარი კითხვა: ნამდვილად იქცა თუ არა სირია კვლავ უსაფრთხო ქვეყანად? ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბოლო დღეებში ალეპოში სირიის არმიასა და ქურთულ ძალებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, ოცი ადამიანი ემსხვერპლა. სირია მყიფე, არასტაბილურ და არაპროგნოზირებად სახელმწიფოდ რჩება. ამის მიუხედავად, ევროკავშირს სურს, თავისთვის სასურველი სცენარი თავადვე დაიჯეროს. ამიტომ, ის წინ სწრაფად მიიწევს... ძალიან სწრაფად... ალბათ, ზედმეტად სწრაფადაც, რასაც ბოლო დროს დამკვიდრებული პოლიტიკური რეალობა იძულებს - მიგრაცია ხომ ნომერ პირველ საარჩევნო აკვიატებად იქცა! 2025 წლის ბოლოს, წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ტექსტი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დეპორტირებული მიგრანტებისთვის დაბრუნების ცენტრების შექმნას ითვალისწინებს. ეს არის ლოგიკა, რომელიც ახლა ევროპა მთლიანად იზიარებს: ჩადე ინვესტიცია საზღვარგარეთ, რათა შინ პოლიტიკურად დაცული იყო.
წყარო: 1 არხი