შვედეთის ხელისუფლება ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ შვედეთის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა გაზეთ Aftonbladet-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყურანის დაწვის შემთხვევები საფრთხეს უქმნის სამეფოს უსაფრთხოებას და ამ საკითხს ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს.
იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას მომხდარ ინციდენტზე, როცა ერაყელმა იმიგრანტმა სტოკჰოლმში მეჩეთის წინ ყურანი დაწვა. ინციდენტმა მუსლიმური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია.
„ამ კუთხით, შვედეთის მთავრობა განიხილავს კანონის შეცვლას, რათა თავიდან აიცილოს ყურანის და სხვა წმინდა წიგნების დაწვის ინციდენტები, რადგან ასეთი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა სტრომერმა.
მანამდე შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კარლ ბილდტმაც განაცხადა, რომ შვედეთში ყურანის დაწვა უნდა აიკრძალოს.