შვედეთმა გადაწყვიტა, სამომხმარებლო პროდუქტებში ე.წ. „მარადიული ქიმიკატების“, PFAS-ის გამოყენება აკრძალოს. ახალი რეგულაცია 2028 წლიდან ამოქმედდება.
PFAS, ანუ პერ- და პოლიფტორალკილური ნივთიერებები, 10 ათასზე მეტი სინთეზური ქიმიური ნაერთის ჯგუფია. მათ ბუნებრივ დაშლას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რის გამოც „მარადიულ ქიმიკატებს“ უწოდებენ. ორგანიზმში მათი დაგროვება დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკთან, მათ შორის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების მომატებულ რისკთან, ნაყოფიერების შემცირებასა და იმუნური სისტემის დარღვევებთან.
ეს ნივთიერებები 1940-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაში, მათ შორის არაწებოვან ტაფებში, წყალგაუმტარ ტანსაცმელსა და სამრეწველო პროდუქტებში. დღეს PFAS-ის კვალი მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში გვხვდება, მათ შორის გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში.
შვედეთში აკრძალვა შეეხება:
- შეფუთვის მასალებს
- ტანსაცმელს
- კოსმეტიკას
- ფეხსაცმელს
- წყალგაუმტარ დამცავ საშუალებებს
- სამზარეულოს ჭურჭელს
- საყოფაცხოვრებო ქიმიას
- სათხილამურო ცვილსა და საპოხ საშუალებებს
შვედეთი პირველი ქვეყანა არ არის, რომელიც PFAS-ის შეზღუდვას იწყებს. დანიამ ჯერ კიდევ 2020 წელს აკრძალა ამ ნივთიერებების გამოყენება საკვების ქაღალდისა და მუყაოს შეფუთვაში, ხოლო 2026 წელს შეზღუდვები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და წყალგაუმტარ საშუალებებზეც გააფართოვა. საფრანგეთშიც ამოქმედდა კანონი, რომელიც იმ PFAS-ის შემცველი პროდუქტების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვას ზღუდავს, რომელთათვისაც უსაფრთხო ალტერნატივები უკვე არსებობს.
ევროკავშირიც მუშაობს ერთიან რეგულაციაზე, რომელმაც PFAS-ის გამოყენება ფართოდ გავრცელებულ სამომხმარებლო პროდუქტებში უნდა შეზღუდოს. გამონაკლისები შესაძლოა მხოლოდ სტრატეგიული სექტორებისთვის, მათ შორის მედიცინისთვის, დარჩეს.