Ford-ი, Google-ი, BlackRock-ი და სამუშაო ტანსაცმლის მწარმოებელი Carhartt-ი აშშ-ში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ ერთიანდებიან. კომპანიებმა ახალი ორგანიზაცია — Alliance for America’s Skilled Trades — შექმნეს, რომლის მიზანიც მოთხოვნადი პროფესიებისთვის კადრების მომზადებაა.
Ford-ის გენერალური დირექტორი ჯიმ ფარლი ქვეყანაში პროფესიული კადრების ნაკლებობაზე უკვე წლებია საუბრობს. მისი განცხადებით, აშშ-ში მილიონზე მეტი ვაკანსიაა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა წარმოება, სატვირთო გადაზიდვები, გადაუდებელი სამსახურები, ავტომობილების შეკეთება, ელექტრობა და სანტექნიკა.
ფარლი პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად პროფესიული განათლების სისტემის სისუსტესა და მომავალი თაობის მომზადებაში არასაკმარის ინვესტიციას ასახელებს.
ახალი ალიანსის გათვლებით, 2030 წლისთვის აშშ-ში დაახლოებით 2.1 მილიონი კვალიფიციური სამუშაო ადგილი შესაძლოა შეუვსებელი დარჩეს. მათ შორის იქნება 350 000-ზე მეტი ავტომექანიკოსისა და დაახლოებით 130 000 ელექტრიკოსის ვაკანსია.
ორგანიზაციის სამი მთავარი მიზანია პროფესიული კადრების მომზადების სისტემის შექმნა, შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნება და ახალი პარტნიორების მოზიდვა.
ინიციატივა თავდაპირველად აშშ-ის 30 შტატში დაიწყება. დაგეგმილია სასწავლო პროგრამების შეთავაზება როგორც სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ.
ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი პროფკავშირებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ. თუმცა, პროექტის დაფინანსების მოცულობა, ტრენინგების ზუსტი ფორმატი და პროგრამაში ჩასართავი ადამიანების რაოდენობა ჯერ არ დაკონკრეტებულა.