ირლანდიაში ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა საჯარო რეესტრის შექმნა იგეგმება. ინიციატივის მიზანია, ადამიანებმა პოტენციური პარტნიორის წარსულის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილება შეძლონ.

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს შორის, მძიმე სექსუალური დანაშაულების გარდა, დასახელებულია არასასიკვდილო დახრჩობის მცდელობა, დევნა, იძულებითი კონტროლი და ინტიმური მასალების პარტნიორის თანხმობის გარეშე გავრცელება.

რეესტრში გამოქვეყნდება მსჯავრდებულის სახელი და გვარი, ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და დაკისრებული სასჯელი. მონაცემები ირლანდიის სასამართლო სამსახურის ვებგვერდზე განთავსდება. ჩანაწერის წაშლის მოთხოვნის წარდგენა მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან არაუადრეს სამი წლისა შეეძლება.

ინფორმაცია რეესტრში ავტომატურად არ მოხვდება. თითოეულ შემთხვევაში მოსამართლე გადაწყვეტს, რამდენად გამართლებულია პირის მონაცემების გასაჯაროება. მსჯავრდებულის სახელი რეესტრში მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში გამოჩნდება.

მსგავსი მექანიზმი ესპანეთშიც მოქმედებს. პოლიცია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ქალებს ატყობინებს, თუ მათ პარტნიორს წარსულში მსგავსი დანაშაული აქვს ჩადენილი.

ნიდერლანდებში მუშაობენ კანონზე, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, პოლიციას მიმართოს და გაარკვიოს, აქვს თუ არა მის პარტნიორს ძალადობრივი დანაშაულის ისტორია. ხორვატიაში კი ფემიციდი ცალკე დანაშაულად განისაზღვრა.

euro-pulse.ru