ევროპარლამენტში არსებული ლიბერალური საპარლამენტო ჯგუფის, „განაახლე ევროპა“-ს („Renew Europe“) ლიდერი, ვალერი ჰაიერი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს სთავაზობს, რომ ევროკავშირში ისლანდიისა და ნორვეგიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი შეისწავლოს. ამის შესახებ ნორვეგიული სააგენტო NTB იტყობინება.
„განაახლე ევროპა“-ს ლიდერი, ვალერი ჰაიერი ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის მიმართ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის „აგრესიული“ ქმედებების გამო. ჰაიერი ხაზს უსვამს, რომ ასეთ დამოკიდებულებაზე ევროკავშირმა მკვეთრი რეაგირება უნდა მოახდინოს, რათა საკუთარი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, „განაახლე ევროპა“-ს ლიდერი ურსულა ფონ დერ ლეიენს დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვის ალიანსის შექმნისკენ მოუწოდებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან კი ითხოვს, რომ თავდაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარჯები გაზარდონ.
ჰაიერის თქმით, ევროკავშირმა, ნატო-ს ფარგლებში, უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან და ნორვეგიასთან და ასევე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ნიადაგი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხეზე ისლანდიასა და ნორვეგიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ახლა პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს ეკისრებათ, რომლებმაც ისევე სწრაფად უნდა მოახდინონ რეაგირება შექმნილ ვითარებაზე, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს“, - ნათქვამია წერილში.
ვალერი ჰაიერი განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებს ევროპის არჩევნებში ილონ მასკის ჩარევას, რაც მემარჯვენე პარტიების ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება. ამასთან, „განაახლე ევროპა“-ს ლიდერი გმობს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ჰაიერი „აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან თავისი მოკავშირეების სრულ უგულებელყოფას“ უწოდებს. ამის მაგალითად მას მოჰყავს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯ. დ. ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, გრენლანდიის მიმართ ტრამპის მუქარა და უკრაინის საკითხზე ვლადიმერ პუტინთან გამართული მისი ბოლო სატელეფონო საუბრები.
ამ მოვლენების გათვალისწინებით, ჰაიერი საჭიროდ მიიჩნევს დაჩქარდეს მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე, მხარდაჭერილი იქნას სამომოვლად ნატო-ში უკრაინის შესვლა და უზრუნველყოფილი იყოს ოფიციალური კიევისთვის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა, თუნდაც აშშ-ს მონაწილეობის გარეშე. ევროპარლამენტის ჯგუფის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მომავალზე ყველა მოლაპარაკება როგორც უკრაინასთან, ასევე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უნდა წარიმართოს.
წყარო: 1tv.ge