საფრანგეთმა და ესპანეთმა ახალი კოალიცია ჩამოაყალიბეს. მიზანია კერძო თვითმფრინავებისა და პრემიუმ კლასის ფრენებისთვის გადასახადების შემოღება, რაც კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო და მდგრადი განვითარების პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.
საფრანგეთს და ესპანეთს კოალიციაში კენია, ბარბადოსი, სომალი, ბენინი, სიერა-ლიონე, ანტიგუა და ბარბუდა შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, Global Solidarity Levies Task Force-ის ბოლო კვლევის თანახმად, საავიაციო საწვავზე გადასახადების დაწესება წლიურად €41 მილიარდ დოლარს დააგენერირებს, პირველი და ბიზნეს კლასის ბილეთებზე მოსაკრებელი კი დამატებით - €27 მილიარდს.
გენერირებული თანხით შესაძლებელი გახდება, კლიმატის გამძლეობისა და მდგრადი განვითარების პროექტებისთვის დამატებით €68 მილიარდი გამოიყოს. ამასთან, კვლევის თანახმად, კომერციულ ფრენებზე დამატებითი გადასახადის დაწესება ამ თანხას €187 მილიარდამდე გაზრდიდა.
ცნობისთვის, ავიაცია სათბურის აირების ემისიათა 2.5%-ზეა პასუხისმგებელი, თუმცა ამ კუთხით ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. განსაკუთრებით მაღალია კერძო თვითმფრინავების წილი. 2019-2023 წლებში კერძო ავიაციის ემისიები 46%-ით გაიზარდა.
პრემიუმ კაბინებს, მათ შორის პირველ და ბიზნეს კლასებს, მგზავრის მოსათავსებლად უფრო დიდი ადგილი აქვთ გამოყოფილი და უფრო ნაკლებ ადამიანს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენის შესრულების დროს, ერთი მგზავრის ნახშირბადის ნაკვალევი უფრო მაღალია. შესაბამისად, მაღალი კლასის მგზავრები 3-4-ჯერ მეტ ემისიაზე არიან პასუხისმგებლები, ვიდრე ეკონომ კლასის.