რუსეთის შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის ექსპორტი მკვეთრად შეფერხებულია. სექტემბრის ბოლოდან ნოვოროსიისკის პორტიდან ხორბლის გადაზიდვები სრულად შეწყდა. ამის შესახებ რუსული აგრარული გამოცემა Graininfo წერს.

გამოცემის ცნობით, პრობლემები შეეხო სარკინიგზო გადაზიდვებსაც. როსტოვის ოლქში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, როსტოვ-ნადონუს მიმართულებით რკინიგზით ხორბლის დატვირთვა შეჩერდა. შედეგად, ათდღიან პერიოდში გადაზიდვების მოცულობა 309 000 ტონიდან 5 000 ტონამდე შემცირდა.

რუსეთის სამხრეთ საექსპორტო მარშრუტებზე შეფერხებები ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვდა. ვითარებას ართულებს პორტებისა და გემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, ასევე საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვები.

შეფერხებების გამო რუსი ექსპორტიორები მარცვლეულის ნაწილის სხვა მარშრუტებით, მათ შორის ბალტიის ზღვისა და არქტიკის პორტების გავლით გატანას ცდილობენ. თუმცა, ამ მიმართულებებს შავი ზღვის პორტების საექსპორტო შესაძლებლობების სრულად ჩანაცვლება უჭირთ.