საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების რაოდენობა იზრდება. ბევრ მათგანს ერთზე მეტი პასპორტი აქვს. შვეიცარიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემები ემიგრანტების მახასიათებლებისა და გეოგრაფიული განაწილების შესახებ მკაფიო სურათს იძლევა.
ბოლო ათწლეულში, ემიგრაციაში წელიწადში საშუალოდ 30 ათასი შვეიცარიელი წავიდა. 2023 წლის ბოლოსთვის, შვეიცარიელების თითქმის 11 პროცენტი (813 400-ზე მეტი პირი) საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ეს რიცხვი 81 ათასით მეტია ათი წლის წინანდელთან შედარებით და 309 ათასით მეტი - 1993 წელთან შედარებით.
მხოლოდ 2022-დან 2023 წლამდე პერიოდში, ყველა კონტინენტზე, აფრიკის გარდა, შვეიცარიული დიასპორა თითქმის 13 400 ადამიანით გაიზარდა. რაც შეეხება აფრიკას, ამ კონტინენტზე მცხოვრები შვეიცარიელების რაოდენობა სტაბილური დარჩა.
ზრდის ტენდენცია მხოლოდ ნაწილობრივ არის ემიგრაციით გამოწვეული; ამ მაჩვენებელში თავისი წვლილი ნატურალიზაციამ და საზღვარგარეთ შვეიცარიელი ბავშვების დაბადებამაც შეიტანა.
ემიგრაციაში წასული შვეიცარიელების თითქმის ორი მესამედი ევროპაში ცხოვრობს
შვეიცარიელი ემიგრანტების დაახლოებით 64% ევროპაში, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობს. ყველაზე დიდი შვეიცარიული თემი (209 300 ადამიანი) საფრანგეთშია. მას მოსდევს გერმანია და იტალია.
ევროპის გარეთ, ყველაზე მეტი შვეიცარიელი (83 700) ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ლათინურ ამერიკაში, შვეიცარიელების ყველაზე დიდი რაოდენობა (15 100) არგენტინაში ბინადრობს. შემდეგ მოდიან ბრაზილია და ჩილე. მთლიანობაში, დიასპორის თითქმის მეოთხედი ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობს.
აზიის კონტინენტზე, შვეიცარიელების ყველაზე დიდი რაოდენობა (23 700) ისრაელშია, მეორე ადგილზე კი ტაილანდია. ოკეანეთში, შვეიცარიელები ძირითადად, ავსტრალიაში (26 400) ბინადრობენ, აფრიკის კონტინენტზე კი ისინი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არიან თავმოყრილნი (7 700).
მსოფლიო მასშტაბით შვეიცარიელების განსახლების რუკა ასე გამოიყურება.
უფრო მეტი ქალი, ვიდრე მამაკაცი
შვეიცარიელი ქალები უფრო ხშირად მიდიან ემიგრაციაში, ვიდრე მამაკაცები (ქალები - 54%, მამაკაცები - 46%). ეს ტენდენცია ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა, სადაც საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ბინადრობს.
თუმცა, ვატიკანში, სადაც რომის პაპის შვეიცარიული გვარდია მთლიანად მამაკაცებისგან შედგება, ყველა 137 შვეიცარიელი ემიგრანტი მამრობითი სქესის წარმომადგენელია.
ასაკობრივი პირამიდის უკიდურესობები
საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების უმრავლესობა (56%) შრომისუნარიან ასაკშია. დაახლოებით ყოველი მეხუთე ემიგრანტი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო თითქმის ყოველი მეოთხე - 65 წლის ან უფრო მეტის. პენსიონერები წარმოადგენენ ჯგუფს, რომლის ხვედრითი წილი ბოლო წლებში ყველაზე მეტად, 4 პროცენტით, გაიზარდა.
საზღვარგარეთ მცხოვრებ შვეიცარიელთა დიდ თემებში პენსიონერების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ტაილანდში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ტაილანდში შვეიცარიელი ემიგრანტების საშუალო ასაკი 55 წელია, მაშინ როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 43 წელს შეადგენს.
საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების ყველაზე ახალგაზრდა თემი კი ისრაელშია: იქ მცხოვრები შვეიცარიელების თითქმის ნახევარი არასრულწლოვანია, ხოლო საშუალო ასაკი 27 წელს შეადგენს. ისრაელში ასევე ფიქსირდება საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების ყველაზე დიდი დემოგრაფიული ზრდა ბოლო პერიოდში: 2022-დან 2023 წლამდე შვეიცარიული თემი ისრაელში 3.6%-ით, ანუ 833 ადამიანით გაიზარდა. შვეიცარიის ფედერალური სტატისტიკის სამსახური ამ ზრდას, ძირითადად, შვეიცარიის მოქალაქეობის მქონე ბავშვების დაბადებას მიაწერს.
საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების სამი მეოთხედს ერთზე მეტი პასპორტი აქვს
საზღვარგარეთ მცხოვრები შვეიცარიელების სამი მეოთხედს მინიმუმ კიდევ ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეობა გააჩნია. თუმცა, ორმაგი (ან უფრო მეტი) მოქალაქეობის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ტაილანდში ცხოვრობს იმ შვეიცარიელების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. ამის, საპირისპიროდ, არგენტინაში მცხოვრები შვეიცარიული დიასპორის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს ერთზე მეტი პასპორტი გააჩნია.
წყარო: 1 არხი