საუდის არაბეთმა და კატარმა სირიას მსოფლიო ბანკში არსებული 15.5 მილიონიანი სესხი დაუფარეს, რის შედეგადაც სირიას კვლავ ექნება შესაძლებლობა, მსოფლიო ბანკისგან რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის გრანტები მიიღოს.
"მოხარულები ვართ, რომ სირიის დავალიანების დაფარვა მსოფლიო ბანკის ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს, კვლავ დაიწყოს ურთიერთობა სირიასთან და განვითარებისთვის სირიელი ხალხის საჭიროებები უზრუნველყოს. მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ სირია აღდგენისა და განვითარების გზაზეა". - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
გასულ თვეში საუდის არაბეთმა და კატარმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ მსოფლიო ბანკში სირიის დავალიანებას დაფარავდნენ. მსოფლიო ბანკის მიერ 18 მაისს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირველი ნაბიჯია სირიის მხარდაჭერის გაზრდის გეგმაში, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ გაჯანსაღებას ნიადაგს მოუმზადებს. ბანკის თავდაპირველი ძალისხმევა სირიის მასშტაბით ელექტროენერგიაზე წვდომის გაუმჯობესება იქნება, რათა ეკონომიკური აქტივობის წახალისებას შეეწყოს ხელი.
"ეს ქვეყნისა და რეგიონის სტაბილიზაციისთვის იქნება სასარგებლო. საჭიროა, შეიქმნას გარემო კერძო ინვესტიციებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სირიელი ხალხისთვის უკეთესი მომავლის პირობისათვის [ეკონომიკური] ზრდის ხელშეწყობისთვის". - განაცხადა მსოფლიო ბანკმა.
სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ დავალიანების დაფარვას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 13 მაისს სირიისთვის სანქციების მოხსნა, რომლიდანაც 1 დღეში, 14 მაისს, ტრამპი სირიის ახალ პრეზიდენტ, აჰმედ ალ-შარაას საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდა. აშშ-სა და სირიის ლიდერებს შორის შეხვედრა 25 წლის შემდეგ პირველად შედგა, რაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს.
ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყნის გარდამავალი პერიოდის მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა.
ასადის დამხობის შემდეგ საუდის არაბეთმა და კატარმა სურვილი გამოხატეს, ფინანსური დახმარება გაეწიათ სირიის ახალი ხელისუფლებისადმი.
წყარო: tabula.ge