საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ინგლისელმა სპეციალისტმა, დევიდ უებმა დატოვა.

46 წლის მწვრთნელი და ტექნიკური ექსპერტი სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „კრისტალ პალასი“, „ტოტენჰემი“, „ბორნმუთი“, „საუთჰემპტონი“, „ჰადერსფილდი“ და „იორკ სიტი“. „ჯვაროსნებს“ ის 2023 წელს შეუერთდა, თავდაპირველად ანალიტიკოსის როლში.

უებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე გერმანიაში გამართულ ფინალურ ეტაპზე. მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავდა სკაუტინგსა და ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ანალიზს.

ინგლისელ სპეციალისტს სხვადასხვა კლუბში მუშაობის პერიოდში არაერთი საინტერესო მოთამაშე აღმოუჩენია, რის შედეგადაც ფართო საკონტაქტო ქსელი ჩამოუყალიბდა. სწორედ ამ კავშირებს შორისაა ვილი სანიოლიც, რომლის რეკომენდაციითაც უები საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს.

GiveMeSport-ის ჟურნალისტის, პრემიერლიგის კომენტატორის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, დევიდ უებმა ნაკრები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ახლა გუნდის ძიებაშია, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. მისი ცნობით, ინგლისელი სპეციალისტის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე იჩენს.

წყარო: პირველი არხი