ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ გლობალურ საავიაციო ბაზარზე სერიოზული გამოწვევები შექმნა. აზიის ქვეყნები ავიაწვავის დაზოგვის რეჟიმზე გადადიან, ხოლო ევროპული გადამყვანები ფასების ჰეჯირების პროცესს აჩერებენ. სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტრომ ადგილობრივი ავიაკომპანიები გარკვეულ ქვეყნებში საწვავის გამართვის შეზღუდვების შესახებ უკვე გააფრთხილა და განიხილავს საექსპორტო რესურსის შიდა ბაზარზე მიმართვას. ამასთან, ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გეგმის შესაბამისად სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას არ გამორიცხავს, რაც ქვეყანას დაახლოებით 208 დღის განმავლობაში ეყოფა.
ანალოგიური კრიზისული სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ფილიპინების ხელისუფლება საწვავზე კვოტების დაწესებას გეგმავს, ხოლო ვიეტნამი აპრილის დასაწყისიდან ავიაწვავის დეფიციტს პროგნოზირებს, რის გამოც ავიაკომპანიები რეისების რაოდენობას ამცირებენ. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ საომარი მოქმედებების გამო ფაქტობრივად ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე, რომელზეც მსოფლიო ავიაწვავის მიწოდების 40% მოდის, ამასთანავე, ჩინეთმა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, მიწოდება დროებით შეაჩერა.
ევროპაში ავიაკომპანიებმა საწვავის ფასების დაზღვევისგან თავის შეკავება დაიწყეს. Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ კომპანია უახლოესი სამი თვის განმავლობაში ჰეჯირების გარიგებების გაფორმებას არ აპირებს, რადგან არსებული ტარიფები ამის საშუალებას არ იძლევა. მსგავსი პოზიცია აქვს გერმანულ Lufthansa-საც, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ პროცესი შეაჩერა, თუმცა წლიური ხარჯების 80% კრიზისამდელ დონეზე უკვე დაფიქსირებული აქვს. ბრიტანული EasyJet-ის პროგნოზით, საწვავზე გაზრდილი დანახარჯები ავიაბილეთების ფასებზე ზაფხულის ბოლოს აისახება, თუმცა ბაზარზე მოლოდინია, რომ მომავალ თვეებში ნავთობპროდუქტების ღირებულება ტონაზე 1800 დოლარიდან 1000 დოლარამდე შემცირდება.