საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის ევროპის დიპლომის მინიჭების საკითხი განიხილეს. ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ხახიშვილი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ნომინაცია ევროპის დიპლომის მისაღებად 2025 წელს წარადგინა და პირველ ეტაპზე დადებითი შეფასება მიიღო. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ექსპერტთა საველე ვიზიტი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
ევროპის დიპლომი ევროპის საბჭოს უმაღლესი აღიარებაა, რომელიც ენიჭება განსაკუთრებული ეკოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულების მქონე დაცულ ტერიტორიებს.
„ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა და საუკუნეზე მეტი წლის ისტორიას ითვლის. აღნიშნული ტერიტორიისთვის ევროპული დიპლომის მინიჭება იქნება როგორც მისი ეფექტიანი მენეჯმენტის, ისე ხელშეუხებელი ბუნების საერთაშორისო დონეზე აღიარება,“ - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოში ევროპული დიპლომის მქონე ერთადერთ დაცულ ტერიტორიას, რაც ხაზს უსვამს მის გამორჩეულ ეკოლოგიურ მნიშვნელობას.
დაცული ტერიტორიების ევროპული დიპლომი პრესტიჟული საერთაშორისო პრემიაა, რომელიც 1965 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინიციატივით დაწესდა.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს