საკრუიზო გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის ყველა წევრის ევაკუაცია განხორციელდა და გემი ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ნიდერლანდების მიმართულებით გაემგზავრა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მისია შესრულებულია; ოპერაცია დავასრულეთ და გემი ახლახან გავიდა ზღვაში“, - განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მონიკა გარსიამ.
ოპერაციის შედეგად 94 ადამიანის ევაკუირება და საკუთარ საცხოვრებელ ქვეყნებში რეპატრიაცია განხორციელდა.
დადასტურებულ შემთხვევებს შორისაა ფრანგი მგზავრი, რომელსაც ჰანტავირუსი კვირის შემდეგ, კანარის კუნძულებზე გემის შესვლის შემდეგ, დაუდასტურდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, სტეფანი რისტის თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესდა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ მადრიდში, სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში მყოფი 14 ესპანელიდან ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა.
აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რეპატრირებული 17 ამერიკელიდან ერთს დადებითი პასუხი ჰქონდა ვირუსის ანდების შტამზე. მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა მეორე ამერიკელ მგზავრსაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გემიდან ევაკუირებული მგზავრებისთვის 42-დღიანი კარანტინის გავლის რეკომენდაცია გასცა.
ცნობისთვის, გემი, რომელზეც დაახლოებით 150 მგზავრი იმყოფებოდა, არგენტინიდან 1-ელ აპრილს გაემგზავრა. გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ნიდერლანდების მოქალაქე, გარდაიცვალა. მისი მეუღლე, რომელიც 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე გადმოვიდა, იოჰანესბურგში ჩაფრინდა და 26 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2 მაისს, გემზე გერმანელი მგზავრი გარდაიცვალა.