ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა – „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ეროვნული კავშირის (UNFP) გამოკითხვის შედეგად გამოარჩიეს.

„ბურთის შესანიშნავი კონტროლი, მოედნის გამორჩეული ხედვა, შეტევის ჩინებული დასრულება – ამ სეზონში ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა იდეალური უნარები, რომლითაც UNFP-ის გამოკითხვაში ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გილოცავთ, ზურიკო!“ – წერია UNFP-ის გავრცელებულ ცნობაში.

ამას გარდა, „სენტ-ეტიენის“ ქართველი ლიდერი ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა – გამარჯვებულები 11 მაისს გამართულ ღონისძიებაზე დაასახელეს.

საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის მარტინ ადელინი („ტრუა“), ენცო ბარდელი („დუნკერკი“), ტაუფიკ ბენტაიები („ტრუა“) და ჯოვანი ვერსინი („პო“) იბრძოდნენ.

დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პირველი არხი