საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდა ძირითადად მცირე და საშუალო სესხების სეგმენტს შეეხება.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ს განუცხადა, აღნიშნული ზღვრის მილიონ ლარამდე გაზრდა სექტორისთვის მოსალოდნელი იყო, თუმცა ასოციაციაში ასევე იმედოვნებენ, რომ უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის დამატებით გაზრდა სამომავლოდ საჭირო აღარ იქნება.

„ლარში შემოსავლის მქონე პირებისთვის მაქსიმალური სესხის ზღვარი, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ლარში რომ აიღოს, 750,000 ლარიდან მილიონ ლარამდე იზრდება. ანუ მილიონ ლარამდე სესხები პრაქტიკულად მხოლოდ ლარში იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ პროპორციულად უკანასკნელ პერიოდში ლარიზაციის უკუსვლასთან შეგვიძლია დავაკავშიროთ, რაც პრინციპში, წინა პერიოდშიც იყო მეტ-ნაკლებად გაჟღერებული, რომ ლარის დაკრედიტების ზღვარი მილიონ ლარამდე უნდა ასულიყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ნაბიჯები არ იქნება საჭირო რომ გადაიდგას.

750,000 ლარიდან მილიონ ლარამდე მსესხებლების და სესხების იმდენად მცირე წილია მოხვედრილი, რომ სისტემურად ნამდვილად გაგვიჭირდება ვისაუბროთ, რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამას. იქიდან გამომდინარე, რომ სულ 600 მლნ ლარზე არის საუბარი 50 მლრდ-მდე დაფინანსების ჭრილში, რაც სისტემურად ნამდვილად დიდ ცვლილებას ვერ გამოიწვევს. კონკრეტული პირებისთვის რომ ვისაუბროთ, ალბათ კვლავინდებურად უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული მცირე და საშუალო ბიზნესის მსესხებლებს შეეხება, რომლებიც მეტ-ნაკლებად მიბმული არიან უცხო ვალუტაზე, მაგრამ 750,000 ლარიდან მილიონ ლარამდე უფრო მეტი მობილურობა აქვთ სხვადასხვა მიმართულებით და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ამას დიდი ეფექტი ექნება რეალურად მსესხებლებისთვისაც.

იმედი მაქვს, რომ საჭიროება არ იქნება, [ზღვრის მორიგ ჯერზე გაზრდა], იმიტომ რომ ლარიზაციის პირობებში ძალიან რთული არის ვისაუბროთ, რამდენად აზიანებს [სექტორს]. [თუმცა] ქვეყნის გადაწყვეტილება არის ლარიზაციის პროცესის გაგრძელება, აქედან გამომდინარე, თუ საჭიროება იქნება, სავარაუდოდ ამაზე ფიქრს დაიწყებს ეროვნული ბანკი, მაგრამ მილიონი ლარი იყო ის ზღვარი, რომელიც იყო აქამდე გაჟღერებული და პრინციპში, რაღაც ეტაპზე ველოდებოდით, რომ ამ ზღვარზე ავიდოდით“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 1-ელი ივლისიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾1 მილიონის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მსესხებლების სავალუტო მოწყვლადობის შესამცირებლად არაჰეჯირებული კრედიტორებისთვის სავალუტო კრედიტების მინიმალური ზღვარი 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ეს ცვლილება წლიურად დაახლოებით 200 მლნ დოლარის სესხების პორტფელს შეეხება.

bm.ge