ყველა ორმხრივი მოლაპარაკების დროს შეერთებულ შტატებს განუწყვეტლივ ეცნობება, რომ ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „თალიბანის“ ხელისუფლება ავრცელებს.

„თალიბანის“ მტკიცებით, აშშ-მა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში.

„უნდა გავიხსენოთ, რომ დოჰას შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ან არ დაიმუქრება ძალის გამოყენებით ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თალიბანის“ განცხადებით, აუცილებელია, რომ შეერთებული შტატები ერთგული დარჩეს თავისი ვალდებულებების მიმართ.

„შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ წარსული წარუმატებელი მიდგომების გამეორების ნაცვლად, საჭიროა რეალიზმისა და რაციონალურობის პოლიტიკის გატარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ცუდი რაღაცები" მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლს შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს.

„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ამშენებელს, ცუდი რაღაცები მოხდება!!!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ასევე, მან პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ავღანეთის წარმომადგენლებთან საუბრობს.

interpressnews.ge