საბერძნეთი: ცნობილ, მაგრამ დაცარიელებულ კუნძულზე ერთი ბავშვიც კი აღარ დარჩა

როდესაც ზამთარი ახლოვდება, კუნძულ ანტიკითერას ისედაც მწირი მოსახლეობა თითქმის ნულამდე მცირდება. „ჩვენ სულ ოცი-ოცდახუთნი ვართ, აქ არც ბავშვები არიან, არც საცხობია“, - ამბობს ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი, გიორგოს ხარხალაკისი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს ეგეოსის ზღვის პატარა კუნძულის ასაღორძინებლად. „მე არ ვნებდები“, - განუცხადა მან სააგენტო „ფრანს პრესს“. ანტიკითერა, რომელიც კუნძულ კითერასა და კრეტას შორის მდებარეობს, საბერძნეთის მრავალი სხვა სასოფლო-სამეურნეო რეგიონის მსგავსად, მუდმივ დეპოპულაციას განიცდის.

2021 წელს, როდესაც მოსახლეობის ბოლო ეროვნული აღწერა ჩატარდა, ანტიკითერაზე მხოლოდ 39 მოსახლე დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც 2011 წლის აღწერის შედეგების თანახმად, კუნძულზე 120 ადამიანი ცხოვრობდა. 37 წლის ხარხალაკისს ჯერ კიდევ ახსოვს გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწყებით სკოლაში გატარებული პირველი წლები, რის შემდეგაც მისი ოჯახი, ისევე როგორც სხვები, „ფინანსური პრობლემების“ გამო, იძულებული გახდა მატერიკზე გადასულიყო. მისი თქმით, იმ დროს კუნძულზე „ფერმერები, მეთევზეები და მესაქონლეები“ ცხოვრობდნენ და დაახლოებით 15 თემი არსებობდა, დღეს კი მხოლოდ პოტამოსის პორტია დასახლებული.

ანტიკითერას კლდოვან ბორცვებზე, მიტოვებულ და დანგრეულ სახლებს შორის, ჯერ კიდევ ჩანს ტერასული მინდვრების ქვის კედლები. გარე სამყაროსთან ერთადერთი კავშირი (კითერასა და კრეტამდე) მხოლოდ ნავებით არის შესაძლებელი.

დახურული სკოლები

მოსახლეობის გადინების გამო, სკოლა, ორი ათწლეულის განმავლობაში, დახურული იყო და 2018 წელს მხოლოდ სამი მოსწავლისთვის - ათენიდან დაბრუნებული ანტიკითერელი მეუღლეების, დესპინა და დიონისის ანდრონიკოსების შვილებისთვის, - ხელახლა გაიხსნა „მაგრამ 2021 წელს, როდესაც ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა დაწყებითი სკოლა დაამთავრა, იძულებული გავხდით, აქედან წავსულიყავით, რათა მას კითერას საშუალო სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა“, - ამბობს დიონისის ანდრონიკოსი. ამის შემდეგ ანტიკითერას დაწყებითი სკოლა კვლავ დაიხურა. ის ერთ-ერთია იმ ათეულობით სასწავლო დაწესებულებას შორის მთელ საბერძნეთში, რომელსაც გასულ თვეში, მოსწავლეთა ნაკლებობის გამო, მსგავსი ბედი ეწია. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) მონაცემებით, 2021 წელს საბერძნეთში შობადობის მაჩვენებელი ერთ ქალზე 1,43 ბავშვი იყო, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (1,53 ბავშვი) დაბალია.

საბერძნეთის დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის (IDEM) მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის ყოველ მესამე მუნიციპალიტეტში შობადობა ყოველწლიურად მცირდება. IDEM ამას საბერძნეთის მოსახლეობის დაბერებით, ასევე „მოსახლეობის უკიდურესად არათანაბარი განაწილებით“ ხსნის. ქვეყანაში მცხოვრები 10,5 მილიონი ადამიანის მესამედზე მეტი ათენში ცხოვრობს. საბერძნეთის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი 65 წელზე უფროსი ასაკის ხალხია. ამიტომ, გაოცებას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ საბერძნეთი, ხანდაზმულთა რაოდენობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.

ევროსტატის მონაცემებით, მხოლოდ იტალიაში (23,8 პროცენტი), პორტუგალიასა (23,7 პროცენტი) და ფინეთშია (23,1 პროცენტი) ხანდაზმულთა უფრო მაღალი მაჩვენებელი. და რაც კიდევ უფრო უარესია - გასული ათწლეულის ფინანსური კრიზისის დროს, ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ დატოვა. გარკვეული ზომები გატარდა ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში ახალმოსახლეთა მოსაზიდად. ცენტრალურ საბერძნეთში, მთიან სოფელ ფურნაში, ადგილობრივმა ეკლესიამ მრავალშვილიანი ოჯახები საცხოვრებლად მიიწვია, რათა ადგილობრივი სკოლის დახურვა თავიდან აეცილებინა.

ამ ინიციატივამ ერთ-ერთი ექვსშვილიანი ოჯახი უკვე დააინტერესა. თუმცა, სამი წლის წინ მსგავსმა მცდელობამ ანტიკითერაში ნაყოფი დღემდე ვერ გამოიღო.

უძველესი კომპიუტერი, ახალი იმედები

ხარხალაკისისთვის მთავარი პრობლემა „ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა“. მისი თქმით, სახელმწიფომ სახლების მშენებლობისა და მაღაზიების გახსნის სტიმულირება უნდა მოახდინოს. ზამთარში კუნძულზე მხოლოდ ერთი კაფე ფუნქციონირებს, რომელიც ერთდროულად როგორც ტავერნის, ასევე პატარა მაღაზიის ფუნქციებს ითავსებს. მას ოთხმოცი წლის მამაკაცი ამუშავებს. „ძირძველი მოსახლეობა ბერდება და კუნძულის მომავალი საეჭვოა“, - ამბობს პენსიონერი ფრანგი ქალი, კეტრინ დეშოსალი, რომელიც ხან კუნძულზე, ხანაც სამშობლოში ცხოვრობს. წელს მთავრობამ, დემოგრაფიული კოლაფსის დასაძლევად, ახალშობილებზე ბონუსები დააწესა.

თუმცა, ექსპერტების თქმით, რომ შობადობის ზრდა ერთადერთი გამოსავალი არ არის. „სიკვდილობის ზრდა და მიგრაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებაც აუცილებელია“, - აღნიშნა IDEM-ის დირექტორმა, ვირონ კოძამანისმა ცოტა ხნის წინ საბერძნეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ANA-სთან ინტერვიუში. ხარხალაკისი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი კლიმატის ცვლილების ობსერვატორიის აშენება კუნძულზე სამუშაო ადგილებს შექმნის. ანტიკითერა ამის გარეშეც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სამეცნიერო სამყაროში.

წყარო: 1tv.ge