მესტია იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც საქართველოს 15 მუნიციპალიტეტი ერთად - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიამ" bm.ge-სთან განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ 7%-ით გაიზარდა, რაც გადამცემი ქსელების გადატვირთვას იწვევს. შედეგად, იზრდება როგორც ავარიული გათიშვების რაოდენობა, ისე მათი ხანგრძლივობა.

„ენერგო-პროში“ აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 10-12-ჯერ უნდა შემცირდეს.

"2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 - მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".

„ენერგო-პროში“ მიიჩნევენ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი საბალანსო აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და გამრიცხველიანებაშია.

"მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ მძიმე მდგომარეობაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

რეგიონი კვლავ უახლოვდება ენერგეტიკულ კოლაფსს, რაც განპირობებულია ელექტროენერგიის კიდევ უფრო მზარდი მოხმარებით. 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მოხმარება 7 %-ით გაიზარდა. ეს მართლაც იწვევს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გადატვირთვას. შესაბამისად, ავარიული გათიშვების ოდენობა და ხანგრძლივობა კიდევ უფრო მოიმატებს თუ არ მოხდა პროცესების მართვა ისე, როგორც სხვა ყველა რაიონში. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ზემო სვანეთის მოხმარება უნდა შემცირდეს 10-12-ჯერ.

ამისათვის, რა თქმა უნდა, განსახორციელებელია კომპლექსური სამუშაოები. საბოლოოდ ყველა მომხმარებლის მოხმარება უნდა გაანალიზდეს აღრიცხვის ინდივიდუალური საშუალებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საბალანსო აღრიცხვიანობის მოწესრიგება დაშემდეგ ინდივიდუალური გამრიცხველიანება

რა თქმა უნდა, საგულისხმოა და ხაზგასასმელია, რომ ყოველივე ეს გააუმჯობესებს თითოეული მოსახლის თუ კომერციული აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების ხარისხს და სტაბილურობას".

ცნობისთვის, სვანეთში არსებული ენერგოკრიზისის საკითხს დღეს, 1 ივნისს, მთავრობაც გამოეხმაურა. სამართალდამცავებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძე განცხადებით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესი იწყება.

მისივე თქმით, სვანეთში არსებული ვითარება მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა აღარ არის და ფინანსურ ტვირთად აწვება ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასაც. მინისტრის განმარტებით, უკანონო კრიპტომაინინგის გამო წარმოქმნილი ჭარბი მოხმარების დასაფარად საქართველოს თითოეული აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადში ყოველთვიურად საშუალოდ დამატებით 1.5 ლარს იხდის.

bm.ge