ევროპის უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ის მგზავრებს ზაფხულის სეზონზე შესაძლოა, შარშანდელთან შედარებით, უფრო მაღალი ფასების გადახდა მოუწიოთ, რაც გეოპოლიტიკურ რყევებზე არის დამოკიდებული.
ამის შეახებ ავიაკომპანიის აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ ო'ლირიმ The Independent-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის ბილეთები აქტიურად იჯავშნება და ტარიფები გასულ წელზე ოდნავ მაღალია, თუმცა გამტარუნარიანობის სიმძლავრის მხოლოდ 40% არის დაჯავშნილი, რაც, ო'ლირის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ვითარება არასტაბილურია.
კერძოდ, თუ უკრაინაში არასახარბიელო მოვლენები განვითარდა, ან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა “თეთრ სახლში რაღაც სისულელე ჩაიდინა,” ანდა ევროპის ქალაქებზე ტერორისტული თავდასხმები მოხდა, ო'ლირის თქმით, ავიაკომპანიის ყველა გეგმა „ჩაიფუშება“.
“ხალხი ზაფხულის ბილეთებს აქტიურად ჯავშნის და ტარიფები გაიზრდება. ისინი შარშანდელზე ოდნავ უფრო მაღალი იქნება. თუმცა შარშან ჩვენი ტარიფები წინა წელზე 8%-ით დაბალი იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ზარალის ნაწილს ავინაზღაურებთ,” - განმარტავს ო'ლირი.
ავიაკომპანიის განვითარების გეგმებზე ის აცხადებს, რომ აქვთ მისია, 2034 წლისთვის 300 მლნ მგზავრს მიაღწიოს. ო'ლირის თქმით, ავიაკომპანია 200 მლნ მგზავრზე არ გაჩერდება, ისევე, როგორც თავის დროზე 100 მლნ მგზავრზე არ გაჩერდა. Boeing-მა ავიაკომპანიას კიდევ 336 თვითმფრინავი უნდა მიაწოდოს, რაც, ო'ლირის შეფასებით, ამ მისიის მიღწევას უზრუნველყოფს.
ამასთან, Ryanair-მა ექსკლუზიური ფასდაკლების სქემა სერვის Prime-ის იმ მგზავრებისთვის ჩაუშვა, რომლებიც ხშირად დაფრინავენ. სერვისი ადგილების და სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას შეღავათებს ითვალისწინებს.
კერძოდ, Prime-ის წევრები, რომლებიც წელიწადში 12-ჯერ დაფრინავენ, გამოწერის ღირებულებას ხუთჯერ დაზოგავენ. 12-თვიანი გამოწერის ღირებულება 79 გირვანქა-სტერლინგია.
Prime-ის წევრები ადგილების უფასო დაჯავშნითა და უფასო სამოგზაურო დაზღვევით ისარგებლებენ, ასევე, ადგილების ყოველწლიურ ექსკლუზიურ 12 გაყიდვაზე წვდომა ექნებათ. მაგალითად, მომავალი ექსკლუზიური გაყიდვებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ელექტრონულ წერილებს Prime-ის წევრები რეგულარულად მიიღებენ, ასევე, შეუზღუდავი რაოდენობის რეისებს Prime-ის იაფი ტარიფებით დაჯავშნიან.
ავიაკომპანიის შეფასებით, Prime-ის წევრები, რომლებიც წელიწადში 12-ჯერ დაფრინავენ, 420 გირვანქა-სტერლინგამდე დაზოგვას შეძლებენ, მაშინ, როცა წევრები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ სამჯერ დაფრინავენ, 105 გირვანქა-სტერლინგს ზოგავენ.
თუმცა ახალ გამოწერაში მონაწილეთა რაოდენობა 250 000 მგზავრით შემოიფარგლება. ამასთან, Ryanair Prime-ზე დარეგისტრირებული მგზავრები, მინიმუმ, 18 წლის უნდა იყვნენ.
ამ დროისთვის ეს სერვისი მხოლოდ ავსტრიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ირლანდიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის მოსახლეობაზე ვრცელდება.