ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, Ryanair-ისა და Wizz Air-ის მარშრუტების ქსელები სულ უფრო მეტად ფართოვდება. ამის წყალობით მგზავრებს მეტი შესაძლებლობა აქვს ისარგებლონ იაფი შეთავაზებებით და აქციებით. ამის შესახებ avianews-ი წერს.

მგზავრებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ Ryanair-ის ბილეთები უფრო იაფია, რადგან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ათეულობით მიმართულებაზე მგზავრობას მინიმალურ 10 ევროდ სთავაზობს. თუმცა, ბილეთის საშუალო ფასი Wizz Air-ს უფრო დაბალი აქვს, რაც 1 მგზავრზე 45,1 ევროს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი Ryanair-ისთვის 49,1 ევროა.

მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air საშუალოდ უფრო იაფ ბილეთებს ყიდის, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაკარგულ შემოსავალს დამატებითი სერვისების გაყიდვით ანაზღაურებს.

შედეგად, Wizz Air თითოეულ მგზავრს დამატებით მომსახურებას 35,9 ევროდ ყიდის. Ryanair ამ მაჩვენებლით ერთნახევარჯერ ჩამორჩება კონკურენტს და თითოეულ მგზავრს დამატებით მომსახურებას 23,3 ევროდ ყიდის.

ბილეთის საბაზისო ფასს და დამატებითი სერვისების ფასს თუ დავამატებთ გამოდის, რომ Ryanair-ის მგზავრი საშუალოდ 72,4 ევროს იხდის ფრენაში, Wizz Air-ის კლიენტი კი 81 ევროს.

ფრენის საერთო ფასი Wizz Air-ზე ძვირია, თუმცა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას Ryanair-ზე დაბალი საშუალო ბილეთის ფასი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მგზავრს, რომელიც არ ყიდულობს დამატებით სერვისებს, აქვს შანსი იაფად იფრინოს Wizz Air-ით.

Ryanair ბილეთის საშუალო ფასი - 49,1 €-ოა;

დამატებითი მომსახურება -  23,3 €;

საერთო ფასი - 72,4 €.

Wizz Air ბილეთის საშუალო ფასი - 45,1 €-ოა; 

დამატებითი მომსახურება -  35,9 €;

საერთო ფასი - 81 €.

მასალაში გამოყენებულია Ryanair-ისა და Wizz Air-ის უახლესი ფინანსური ანგარიშგების მონაცემები 2024 ფინანსური წლის პირველი კვარტლისათვის. იგი მოიცავს პერიოდს 2023 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე.