ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ უფასო ხელბარგის დასაშვები ზომები 20%-ით გაიზრდება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ აქვეყნებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპელმა კანონმდებლებმა მიიღეს წინადადება, რომელიც არეგულირებს ხელბარგის ზომებს, რისი ატანაც ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე დამატებითი გადასახადის გარეშე. ცვლილება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე შევა ძალაში.
ახალი წესების თანახმად, ევროკავშირში ფრენის დროს მგზავრებს უფლება ექნებათ ბორტზე თან იქონიონ პირადი ჩანთა, როგორიცაა ხელჩანთა ან ზურგჩანთა და პატარა ხელბარგი დამატებითი გადასახადის გარეშე. სტანდარტიზებულია პირადი ჩანთის მაქსიმალური ზომები 40 x 30 x 15 სანტიმეტრამდე, ხოლო ხელბარგის მაქსიმალური ზომა 100 სმ-მდე და წონა 7 კგ-მდე.
Ryanair-მა განაცხადა, რომ „მომდევნო კვირების განმავლობაში“ უფასო ხელბარგის ზომებს შეცვლის, რომლის ამჟამინდელი ზომებია 40 x 25 x 20 სმ - მოცულობა 20 ლიტრი.