საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში რუსულ რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში რუბლის დეპოზიტები 123.250 მლნ ლარს შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 3.8 მლრდ რუსული რუბლია.
მაჩვენებელი როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
რუბლში განთავსებული დეპოზიტების ზრდის მკვეთრი ტენდენცია ქართულ ბანკებში 2022 წლის ივლისიდან გამოიკვეთა. კერძოდ, 2022 წლის ივნისში რუბლის დეპოზიტების მოცულობა 17.908 მლნ ლარი იყო, ხოლო ივლისში 49.591 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც ერთ თვეში 177%-იან მატებას ნიშნავდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, შემდგომ პერიოდში რუბლის დეპოზიტების მოცულობა გარკვეული დროის განმავლობაში მცირდებოდა, თუმცა ზრდის ტენდენცია 2023 წლის ივლისიდან კვლავ განახლდა. მანამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც ქართულ ბანკებში რუბლის დეპოზიტების მოცულობამ 121.021 მლნ ლარს მიაღწია.
მომდევნო თვეებში მაჩვენებელი კვლავ შემცირდა, თუმცა 2026 წლის აგვისტოში რუბლის დეპოზიტების მოცულობა ივლისთან შედარებით 25%-ით, ხოლო 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით თითქმის 160%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2025 წლის აგვისტოში ქართულ ბანკებში რუბლში 47.7 მლნ ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული, 2026 წლის ივლისში - 98.605 მლნ ლარის, აგვისტოში კი მაჩვენებელმა 123.250 მლნ ლარს მიაღწია.
მიუხედავად ზრდისა, რუბლში განთავსებული დეპოზიტების წილი ქართულ ბანკებში არსებული მთლიანი დეპოზიტების მხოლოდ 0.16%-ს შეადგენს. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ რუბლის დეპოზიტების მოცულობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.