ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი კომპანია Ryanair-ი 40 მილიარდ დოლარიან შეკვეთას აკეთებს Boeing-თან და 300 თვითმფრინავს ყიდულობს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
The Guardian-ის ცნობით, Ryanair-მა 150 Max-10 თვითმფრინავი შეუკვეთა, კიდევ 150-ს 2027-დან 2033 წლამდე იყიდის. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდი შეკვეთაა ირლანდიური კომპანიის ისტორიაში.
გამოცემა წერს, რომ Max-10 თვითმფრინავი ძველ 737NG-ებს ჩაანაცვლებს. ამით კი თითო თვითმფრინავზე დაახლოებით 40 ადგილი დაემატება. რაც დაბალბიუჯეტიან გადამზიდავს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მგზავრთა ნაკადის გაზრდაში დაეხმარება.
Ryanair-მა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება 10 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და 2034 წლისთვის, მგზავრთა რაოდენობას წელიწადში 168 მილიონიდან 300 მილიონამდე გაზრდის.
როგორც ავიახაზების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა: ახალი ეკონომიური თვითმფრინავები ეკოლოგიური ტექნოლოგიებით 21%-ით მეტ ადგილს გვთავაზობს, მოიხმარენ 20%-ით ნაკლებ საწვავს და 50%-ით უფრო ნაკლებად ხმაურიანებია ვიდრე B737-NG.
„ევროპის მასშტაბით ძლიერი შემოსავლისა და ტრაფიკის ზრდის გარდა, ჩვენ ველით, რომ ეს ახალი, უფრო დიდი, უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავები დამატებით ხარჯების დაზოგვას გამოიწვევს, რაც ავიაბილეთების გაიაფების საშუალებას მოგვცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.