უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ რუსეთი ომს არ დაამთავრებს, კრემლისთვის მომუშავე მაღალჩინოსნებმა უახლოესი ბომბსაფრები უნდა მოძებნონ.

ზელენსკის თქმით, კიევს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს რუსეთის ისეთ ობიექტებზე იერიშების მიტანაში, როგორებიცაა ენერგო იფრასტრუქტურა და იარაღის საწარმოები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა აშშ-სგან დამატებით შორი რადიუსის შეიარაღებას მიიღებს, კიევი "მათ გამოიყენებს."

Axios Show-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ზელენსკიმ ჟურნალისტ ბარაკ რავიდს უთხრა, რომ მან ტრამპს ერთი კონკრეტული რამ - ახალი შეიარაღების სისტემა - სთხოვა, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლას აიძულებს.

ზელენსკის მიხედვით, ტრამპმა უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია "ამაზე იმუშავებს."

ამას გარდა, ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინა რუს მშვიდობიან მოსახლეობას არ დაბომბავს, რადგან უკრაინელები "ტერორისტები არ არიან." თუმცა, მან მიანიშნა, რომ პუტინის ძალაუფლების ცენტრები, როგორიცაა კრემლი, სამიზნედ განიხილება.

"მათ უნდა იცოდნენ, სად მდებარეობს ბომბსაფრები. მათ ეს სჭირდებათ. თუ ომს არ დაამთავრებენ, ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ." - თქვა ზელენსკიმ კრემლის მაღალჩინოსნებზე საუბრისას.

ზელენსკის თქმით, გაეროში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა მას ასევე უთხრა, რომ უკრაინამ რუსეთის იერიშებს შესაფერისი პასუხი უნდა გასცეს.

"თუ ისინი ჩვენს ენერგეტიკას დაესხმებიან თავს, პრეზიდენტი ტრამპი ემხრობა, რომ ჩვენ პასუხი ენერგეტიკაზე [იერიშით] გავცეთ," თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.