რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი „ვაგნერის“ საიდუმლო VIP წევრი იყო, – ამის შესახებ CNN-ი  ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის საგამოძიებო Dossier Center-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სუროვიკინს „ვაგნერთან“ პირადი სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა. სუროვიკინი ჩამოთვლილია, სულ მცირე, 30 სხვა რუს სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსანთან ერთად, რომლებიც Dossier Center-ის ცნობით, ასევე არიან „ვაგნერის“ VIP წევრები.

CNN-ის ცნობით, სუროვიკინს ჰქონდა კავშირი დაქირავებულ ჯგუფთან, მაგრამ დოკუმენტები აჩენს კითხვებს რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების და „ვაგნერის“ ურთიერთობის შესახებ.

სუროვიკინი საზოგადოებაში მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ვიდეომიმართვის საშუალებით 24 ივნისს ევგენი პრიოგოჟინს აჯანყების შეწყვეტა სთხოვა. რუსულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი  დაკავებულია.