საგრძნობლად შემცირდა ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი, რომლებიც რუსული ნავთობის ინდოეთში გადასატანად გამოიყენება. ამჟამად ის მხოლოდ 4 ტანკერს შეადგენს, ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
Equasis-ის თანახმად, მუმბაიში დაფუძნებული Gatik Ship Management-ი ამჟამად მხოლოდ 4 ნავთობტანკერის ფლოტს მართავს. თუმცა, აპრილში ეს კომპანია 42 გემს ფლობდა, რომელთა უმეტესობა ერთ წელზე ნაკლებ დროში შეიძინა.
„ძნელია იმის გაგება, თუ რა დაემართა ფლოტს. გემები, რომლებიც აღარ ექვემდებარება Gatik-ის მენეჯმენტს, რუსული ნავთობით მუშაობას აგრძელებენ. ახლა მათ მრავალი კომპანია აკონტროლებს, რომელთა მესაკუთრეებიც გაურკვეველია“, - წერს Bloomberg-ი.
Gatik-მა ყურადღება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიპყრო, რადგან მისი ფლოტი ძალიან სწრაფად გაიზარდა. კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ამ ტანკერების უმეტესობას რუსული ნავთობი გადაჰქონდა. ფლოტის ნაწილმა, რუსული ნავთობის ტრანსპორტირების ფასის ზღვრის დარღვევის შემდეგ, დაზღვევაზე წვდომა დაკარგა.