რუსეთს დიზელის ექსპორტის გაზრდას და წლის ბოლომდე თვეში 3-3.5 მილიონი ტონის ნიშნულზე დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა აქვს, თუმცა საბოლოო მოცულობა ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ნოვაკის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან მიღწეული შეთანხმების შესახებ გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა. პარასკევს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო ბაზრებისთვის დიზელის მიწოდებას დათანხმდა. ამასთან, მისმა ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა რუსული საწვავის მიმართ მოქმედი სანქციები, რომლებიც მოსკოვისთვის უკრაინაში ომის დასაფინანსებლად საჭირო შემოსავლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

წაიკითხეთ ასევე: ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმება – რას მიიღებს აშშ და რას მოიგებს რუსეთი?

რუსეთის დიზელის ექსპორტი უკრაინის მიერ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმებისა და მოსკოვის მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების შედეგად მკვეთრად შემცირდა. 2024-2025 წლებში უკრაინული დრონებით თავდასხმებამდე რუსეთი თვეში 3 მილიონ ტონაზე მეტ დიზელს ყიდდა საზღვარგარეთ.

მიუხედავად საექსპორტო შეზღუდვებისა, რუსეთი სამთავრობო შეთანხმებების ფარგლებში დიზელს კვლავ აწვდის სხვა ქვეყნებს, ძირითადად ცენტრალურ აზიაში. ინდუსტრიული წყაროების თანახმად, გასულ თვეში ამ მიმართულებით რუსული დიზელის ექსპორტმა 427,000 ტონა შეადგინა.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა როგორც უკრაინაში, ისე აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში. კრიტიკოსების შეფასებით, რუსული საწვავის ექსპორტისთვის სანქციების დროებით შემსუბუქება მოსკოვს დამატებით შემოსავლებს მისცემს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ შეთანხმების მიზანი რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნებაა. Reuters-ის წყაროების თანახმად, ეს ნაბიჯი წინა მცდელობების შემდეგ გადაიდგა, რომლებმაც ომის დასრულების მიზნით მდგრადი მოლაპარაკებების დაწყება ვერ უზრუნველყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმება დასავლეთის მიერ რუსეთის ეკონომიკური იზოლაციისთვის გატარებული მრავალწლიანი პოლიტიკის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ორშაბათს მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის ბოლო საჰაერო თავდასხმების დროს სულ მცირე ექვსი ენერგეტიკული ობიექტი გახდა დარტყმის სამიზნე, რაც, მისი შეფასებით, მოსკოვის მხრიდან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისადმი ინტერესის არარსებობაზე მიუთითებს.

წყარო: forbes.ge