2036 წლამდე გადაიარაღებაზე რუსეთი დაახლოებით 1,1 ტრილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ეს არის რუსეთის ყველაზე მასშტაბური შეიარაღების პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ამის შესახებ უკრაინის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სახელწოდებით „დაზვერვა, უსაფრთხოება, დიპლომატია: გამარჯვების საერთო სტრატეგია“, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების ტოტალური მობილიზება, რათა ქვეყანა მზად იყოს მომავალი ფართომასშტაბიანი ომისთვის“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, სამხედრო რეფორმის ფარგლებში, რუსეთმა უკვე შექმნა ორი ახალი - მოსკოვისა და ლენინგრადის - სამხედრო ოლქი, ასევე დაგეგმილი აქვს ახალი დივიზიების, ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების ჩამოყალიბება.

"რუსეთი დღეს არსებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წესრიგის განადგურებას ცდილობს. ამ მიზნით, მოსკოვი აძლიერებს თავის ყოფნას აფრიკაში, რისთვისაც, ძირითადად იყენებს თავის მარიონეტულ ძალებს: კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და აფრიკულ კორპუსს, ასევე მხარს უჭერს ავტორიტარულ რეჟიმებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში“, - აცხადებს ბუდანოვი.

მან აღნიშნა, რომ რუსები ასევე ცდილობენ განახორციელონ ჰიბრიდული საინფორმაციო და კიბერ-ოპერაციები სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ერევიან დემოკრატიულ პროცესებში, კონტროლირებადი მედიისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მქონე ლიდერების მეშვეობით.

„მოსკოვი მიზნად ისახავს, ქვეყნებს თავს მოახვიოს მომავალი მსოფლიო წესრიგის საკუთარი ხედვა, რომლის მიხედვითაც, „დიად დერჟავებს“, უპირველეს ყოვლისა კი, რუსეთის ფედერაციას, აქვთ სრული ძალაუფლება, მონოპოლია ყველა კრიტიკულ რესურსზე და მსოფლიოს ბედს დახურულ წრეში წყვეტენ“, - დასძინა ბუდანოვმა.

წყარო: 1 არხი