რუსეთს, თავისი სამშვიდობო წინადადებების ფარგლებში, იურიდიულად სავალდებულო მექანიზმების შექმნა სურს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინაში კონფლიქტი აღარ განახლდება. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის ცნობით, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს, 29 მაისს გააკეთა.

სერგეი ლავროვის უწყების განცხადებით, კიევს უკვე ეცნობა მოსკოვის პოზიცია, რომ კონფლიქტის „საბოლოო და მდგრადი მოგვარება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მისი გამომწვევი „ძირეული მიზეზები“ სრულად აღმოიფხვრება.

„ჩვენ გვჭირდება საიმედო, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის -უსაფრთხოებასა და კრიზისების პრევენციას“, - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკასთან პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატიანა დოვგალენკომ.

რუსეთი ამზადებს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პირობების განსაზღვრას. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზად არის, ეს დოკუმენტი მომავალ ორშაბათს, 2 ივნისს წარადგინოს.

„რუსულმა მხარემ, შეთანხმებისამებრ, ოპერატიულად შეადგინა შესაბამისი მემორანდუმი, რომელშიც ასახულია ჩვენი პოზიცია კრიზისის ძირეული მიზეზების საიმედოდ დაძლევის ყველა ასპექტზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

მას შემდეგ, რაც ტრამპი-პუტინი-ზელენსკის სამმხრივი შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წინადადება უარყო, რუსეთმა უკრაინას, ამ მემორანდუმის წარსადგენად, მომავალ ორშაბათს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა.

„ჩვენი დელეგაცია, (ვლადიმერ) მედინსკის ხელმძღვანელობით, მზად არის წარუდგინოს ეს მემორანდუმი უკრაინის დელეგაციას და უზრუნველყოს საჭირო განმარტებები პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, რომელიც სტამბოლში 2 ივნისს განახლდება “, - აღნიშნა ლავროვმა.

კიევი მემორანდუმის წინასწარ გაცნობას ითხოვს

საპასუხოდ, კიევმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სტამბოლში რუსეთთან პირდაპირ დიალოგში ჩაერთოს, მაგრამ ამასთან მოითხოვა, რომ მოსკოვმა თავისი სამშვიდობო პირობები წინასწარ წარმოადგინოს.

„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსებთან შემდგომ შეხვედრებს და ველოდებით მათ მემორანდუმს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელ „იქსში“ და დასძინა, რომ „რუსულ მხარეს ჯერ კიდევ აქვს მინიმუმ ოთხი დღე [სტამბოლში] გამგზავრებამდე, რათა თავისი დოკუმენტი გასაანალიზებლად მოგვაწოდოს“.

16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა. ეს იყო კიევისა და მოსკოვის პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ.

თურქეთში გამართულ ამ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის ძიებაში გარღვევა არ მოჰყოლია, მაგრამ ორივე მხარე შეთანხმდა უპრეცედენტო მასშტაბის ტყვეების გაცვლაზე, რომელიც გასულ შაბათ-კვირას დასრულდა.

ამ დროისთვის, ორივე მხარის ოფიციალური პოზიციები, როგორც ჩანს, რთული შესათანხმებელია: რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ საბოლოოდ თქვას უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე და დათმოს ხუთი რეგიონი, რაც უკრაინის ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

ოთხშაბათს ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთი სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ომის შეწყვეტა არ სურს. „ისინი მუდმივად ეძებენ საბაბს, რომ არ დაასრულონ ომი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარალელურად, მოსკოვი და კიევი დრონებით ერთმანეთზე ინტენსიურ თავდასხმებს აგრძელებენ. რუსეთის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს 48 დრონი ჩამოაგდო, აქედან 30 - ბელგოროდის ოლქში.

სამშაბათს რუსეთმა უკრაინა, „მოლაპარაკების პროცესის შეჩერების მიზნით“, საჰაერო თავდასხმების გააქტიურებაში დაადანაშაულა.

გასულ კვირას რუსეთმა, თავის მხრივ, დრონებით ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შაბათიდან ორშაბათამდე მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით 900-ზე მეტი დრონი გაუშვა, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდასხმად მიიჩნევა. ამ შეტევებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიძულა, ვლადიმერ პუტინისთვის „აბსოლუტური უგუნური“ ეწოდებინა.

წყარო: 1არხი