დიდი ბრიტანეთი კვალში მიჰყვება აშშ-ს რუსეთის ნავთობგიგანტების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაში.
შეერთებული შტატების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა ახალი სანქციები რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდი იტყობინება.
ეს ენერგეტიკული კომპანიები აწარმოებენ 1 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს დღეში - დაახლოებით 23 მილიარდი დოლარი წელიწადში მიმდინარე ფასებით, რაც იამაიკის მშპ-ზე მეტია.
პროგნოზირებენ, რომ „გაზპრომ ნეფტის“ და „სურგუტნეფტეგაზის“ წინააღმდეგ სანქციები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის უნარს, გამოიმუშაოს შემოსავალი ენერგეტიკული გაყიდვიდან.
შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა.
იურიდიულ პირებს შორის სანქციების სიაში მოხვდნენ: „გაზპრომ ნეფტი“, „სურგუტნეფტეგაზი“ და მათი შვილობილი კომპანიები; რუსულ-სერბული ნავთობკომპანია „ნისი“, დაახლოებით 100 ხომალდი, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებაში და დაკავშირებული არიან „სოვკომფლოტთან“, „როსნეფტთან“ და „გაზპრომ ნეფტთან“. სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ მოსკოვის და ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, 30-ზე მეტი რუსული ნავთობმომსახურების კომპანია, კომპანია „ოლარული ლითიუმი“, „გაზპრომისა“ და „ნოვატეკის“ გაზის გათხევადების ქარხნები ლენინგრადის რეგიონში.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ახალი ამერიკული სანქციები შეეხო: „როსატომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ლიხაჩევს; რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებს, რომან მარშავინს და ედუარდ შერემეცევს, „ბაშნეფტის“ და „ზარუბეჟნეფტის“ ხელმძღვანელებს, ვლადიმერ ჩერნოვს და სერგეი კუდრიაშოვს; „გაზპრომ ნეფტის“ და „ლუკოილის“ ხელმძღვანელებს, ალექსანდრ დიუკოვს და ვადიმ ვორობიევს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრო იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სანქციების პოლიტიკა. შესაბამისად, ახლა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც მუშაობდა ან აგრძელებს მუშაობას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან.