სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მომდევნო პაკეტზე დათანხმების პირობად საავტომობილო და მძიმე მრეწველობის საჭიროებებთან ევროკომისიის მიერ კლიმატის მიზნების შესაბამისობაში მოყვანა, აგრეთვე ელექტროენერგიის ფასების შესახებ წინადადებების წარდგენა დაასახელა. ამის შესახებ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ უკანასკნელს პრემიერ-მინისტრის წინადადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თავდაპირველად, მიმდინარე წლის დასაწყისში, სლოვაკეთმა ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა. თუმცა, ზაფხულში ბრატისლავამ ახალ სანქციებს მაინც დაუჭირა მხარი და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკომისიამ სლოვაკეთს სხვა წინადადებაზე, კერძოდ კი, ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის დასრულებაზე, გარანტიები მისცა. როგორც ცნობილია, სანქციების მიღება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვან თანხმობას მოითხოვს.

„კიდევ რამდენი სანქციების პაკეტი უნდა მივიღოთ, რომ ომისადმი რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალოს? თუ არც პირველმა და არც მეთვრამეტემ არ უშველა, შედეგს ვერც მეცხრამეტე გამოიღებს,“ - აღნიშნა კოშტასთან შეხვედრის შემდეგ ფიცომ, რომელსაც სლოვაკური ოპოზიცია და მედიის ნაწილი რუსული პროპაგანდის გახმოვანებაში ადანაშაულებს.

„მე გამოვთქვი სურვილი, რომ ევროკავშირმა სამშვიდობო პროცესებს ისეთივე დონის ყურადღება დაუთმოს, როგორსაც უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩემი მთავრობის პრიორიტეტი მშვიდობაა და არა ომის გაგრძელება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა, რომლის ამჟამინდელმა მთავრობამ, გასულ წელს ფორმირების შემდეგ, სახელმწიფო მარაგებიდან კიევისთვის სამხედრო დახმარება შეაჩერა.

„თავდაცვის გარეშე მშვიდობა ილუზიაა“, - ამბობს კოშტა

პრესკონფერენციაზე კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, მაგრამ თავდაცვის გარეშე მშვიდობა ილუზიაა, რის გამოც, მისი აზრით, ევროგაერთიანების თავდაცვაში მეტი ინვესტიციაა საჭირო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა (მარცხნივ) ბრიუსელში მყოფ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ესალმება. 2025 წლის 3 თებერვალიფოტო: ნიკოლას ტუკატი / სააგენტო „ფრანს პრესი“

თავის მხრივ, ფიცომ, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირში ენერგიის მაღალ ფასებზე აპელირებს, განაცხადა, რომ აუცილებელია ევროკავშირის ამბიციური კლიმატური მიზნების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ კონტექსტში, მან საავტომობილო ინდუსტრიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სლოვაკეთის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. აღსანიშნავია, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, სლოვაკეთი ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ფიცომ არ გამორიცხა ევროპული ბლოკის ამჟამინდელი კლიმატური მიზნების კორექტირების შესაძლებლობა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ასევე სურს, რომ ევროკავშირმა თავის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში შეინარჩუნოს ფინანსური პაკეტი იმ პროექტებისთვის, რომლებიც ევროპულ ბლოკში რეგიონული უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება. ამასთან, ფიცომ ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მიმართ, რომელიც უფრო მეტად მცირე ფერმერულ მეურნეობებს უჭერს მხარს, ვიდრე მსხვილს. მისი აზრით, ასეთი ზომა აზარალებს სლოვაკ ფერმერებს, რომლებიც, როგორც წესი, დიდ ფართობებს ამუშავებენ.

წყარო: 1 არხი