პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი ელიტა მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე მეტად ახალი ტერიტორიების დაპყრობით არის დაინტერესებული.
სიკორსკიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„რუსეთის მთავრობის ბოლო მოთხოვნები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათი პოლიტიკური კულტურის მარადიულ პრობლემას: მათ უფრო მეტად ადარდებთ სხვისი ქალაქის დაპყრობა, რომლის შესახებაც არც კი სმენიათ, ვიდრე დაახლოებით 11 მილიონი რუსის ბედი, რომლებსაც საკუთარ სახლებში ტუალეტი არ აქვთ“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნატო-სგან მოითხოვს, რომ ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შეთანხმებიდან გავიდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ნატო-ში 1997 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ. ამ მოთხოვნის შესრულება ცენტრალური, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის არაერთ ქვეყანას შეეხებოდა.
კერძოდ, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატო-მ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან ჯარები და სამხედრო ბაზები გაიყვანოს და ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა 1997 წლამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდეს.