ევროკავშირი სანქცირებულთა სიას აფართოებს და შეზღუდვებს რუსეთის უმდიდრეს ქალს, ონლაინ-რითეილერ Wildberries-ის დამფუძნებელ ტატიანა კიმს უწესებს. ამის შესახებ დღეს, 16 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მედიასთან განაცხადა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ევროკავშირის ახალი სანქციები საერთო ჯამში კიდევ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება. შეზღუდვების ქვეშ მოექცა რუსეთის ეკონომიკისა და ენერგოსექტორისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ობიექტი, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი.

ტატიანა კიმი (წარსულში ცნობილი როგორც ტატიანა ბაკალჩუკი) რუსეთის უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Wildberries-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროპელმა დიპლომატებმა სწორედ იმ საკვანძო ბიზნესფიგურებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების სანქცირებაზე იმსჯელეს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ მდგრადობასა და სამხედრო ძალისხმევას უწყობენ ხელს.