სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების სამსახურის სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრები განახორციელეს გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ხონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სანერგე მეურნეობებში.
შეხვედრების ფარგლებში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს გააცნეს სარგავი მასალის სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები, პროცედურები და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის წარმოების წესები.
სამუშაო შეხვედრების დროს სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს სანერგე მეურნეობებში არსებული მდგომარეობა და სარგავი მასალის შესაბამისობა CAC კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან. ფერმერებთან განიხილეს სერტიფიცირების პროცესში არსებული პრაქტიკული საკითხები და ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისთვის აუცილებელი პირობები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს სარგავი მასალის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი წარმომავლობისა და ხარისხის მიკვლევადობის უზრუნველყოფას და ბაზარზე სერტიფიცირებული სარგავი მასალის ხელმისაწვდომობის ზრდას.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს