უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ახალი რუსული დოკუმენტები, რომელშიც რუსეთის მიერ ომში განცდილი დანაკარგებია შეფასებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ამ შეფასების დამალვას როგორც მსოფლიოსგან, ასევე რუსული აუდიტორიისგან.
„პირველი მთავარი მაჩვენებელი მოქმედი ნავთობის ჭაბურღილების შემცირებაა. მხოლოდ ერთი რუსული ნავთობკომპანია - და არა ყველაზე დიდი - უკვე იძულებული გახდა დაახლოებით 400 ჭაბურღილი დაეხურა. რუსული ნავთობის წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგებია, რადგან რუსეთში ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება გაცილებით რთულია, ვიდრე ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მეორე მაჩვენებელი ისაა, რომ მხოლოდ წელს ნავთობგადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმ 10%-ით შემცირდა.
„ვხედავთ, რომ უკრაინული შორი მოქმედების სანქციები ნამდვილად ეფექტურია და გავაგრძელებთ ჩვენი აქტიური ქმედებების ამ ხაზის გაფართოებას. რუსეთში საბანკო კრიზისის შესახებ მონაცემებიც საკმაოდ დამაჯერებელია: 11 ფინანსური ინსტიტუტი სრული ლიკვიდაციისთვის ემზადება იმ პრობლემების გამო, რომელთა მოგვარება სხვა საშუალებებით შეუძლებელია, ხოლო კიდევ რვა ბანკს კრიტიკული პრობლემები დაუგროვდა, რომელთა მოგვარებაც გარე რესურსების გარეშე შეუძლებელია. წლევანდელი ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებიც ჩვენთვის იმედისმომცემია, რომელიც წლის მეხუთე თვის მონაცემებით თითქმის 80 მილიარდ დოლარს შეადგენს, რუსეთის რეგიონული ბიუჯეტების მნიშვნელოვანი რაოდენობის გაკოტრებასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.