საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება და პირველი რეისი 26 მაისს შესრულდება.
სარკინიგზო რეისები, რომლებიც 2020 წელს პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერდა, ოპერირებას რეგულარულ რეჟიმში განაახლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი სამგზავრო მიმოსვლისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვან, პრაქტიკულ და სტრატეგიულ ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეავსებს არსებულ საჰაერო მიმოსვლას და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა გადაადგილების, ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ხალხთაშორისი კავშირებს, რეგიონულ დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს მობილობის ზრდას. ის ასევე შექმნის გადაადგილების უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და კომფორტულ ალტერნატივას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ასევე დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებზე. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ტრადიციულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შესაბამისად, მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების ზრდა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე იმ რეგიონების ეკონომიკურ აქტივობას, რომლებზეც აღნიშნული სარკინიგზო მარშრუტი გადის.
სატვირთო გადაზიდვების პარალელურად, სამგზავრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული დატვირთვით ამოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მზაობას, უზრუნველყოს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურება სამხრეთ კავკასიაში.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს