რუსეთი საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან ჩასული შრომითი მიგრანტებისთვის ქვეყანაში დარჩენის პირობებს ართულებს. კრემლი მათ ჩანაცვლებას ჩრდილოეთ კორეიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, აფრიკიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მუშახელით გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც 2026 წლისთვის ეკონომიკის რიგ სექტორებში — მათ შორის, საკვების და სოფლის მეურნეობაში, ხე-ტყის ინდუსტრიაში უცხოელი მუშახელის წილის შემცირებას ითვალისწინებს.
2025 წლის პირველი ნახევრის ბოლოს რუსეთის ფედერაციის მიგრაციის რეესტრში 6 მილიონზე მეტი უცხოელი მოქალაქე იყო დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან: ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდანაა
ეს ადამიანები, ძირითადად, შრომისუნარიანები არიან და რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მუშაობენ.
„ბოლო პერიოდში რუსმა კანონმდებლებმა სისტემატიურად გაამკაცრეს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პირობები, მათ შორის რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნაზე სავალდებულო ტესტების შემოღებით“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამავე დროს, შრომითი ვიზების მიღებისა და გახანგრძლივებასთან დაკავშირებული სირთულეები ბევრ დასაქმებულს სამშობლოში დაბრუნებას აიძულებს. კრემლის გეგმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების „მორჩილი“ მუშახელით ჩანაცვლებაა. რუსეთში ასეთ ქვეყნებად ჩრდილოეთ კორეას, ინდოეთს, პაკისტანს, აფრიკის ქვეყნებს და ჩინეთს მიიჩნევენ.
„ისინი რუსეთში სამთავრობო კვოტებით, ორგანიზებულ ჯგუფებად შევლენ. საკანონმდებლო დონეზე გათავისუფლდებიან სავალდებულო ტესტებისაგან და სამუშაო ნებართვის მიღების სხვა პირობებისგან. კრემლის გათვლით, ყოფილი შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრებს დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეუქმნის,“ — აცხადებენ დაზვერვაში.
ისინი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ამ ფაქტორს ახლო სამეზობლოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
1tv.ge