სომხეთი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება,- ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. ვრცელ მასალაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვისა და აშშ-სთან თანამშრომლობის მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული სამუშაო შედეგს იძლევა.
გამოცემის ყურადღების ცენტრშია Firebird AI — სან-ფრანცისკოში სომხური წარმოშობის მეწარმეების მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელმაც აგვისტოში რაზდანში, ერევნიდან დაახლოებით 45 კილომეტრში, მონაცემთა ცენტრი აამოქმედა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ცენტრის სიმძლავრე 2027 წლის ბოლოსთვის 300 მეგავატამდე უნდა გაიზარდოს და მასში 70 ათასზე მეტი მოწინავე Nvidia-ს ჩიპი განთავსდება. კომპლექსის გამოთვლითი სიმძლავრეების მეხუთედი სომხეთის შიდა გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების, კვლევითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სტარტაპებისთვის. დანარჩენი რესურსი უცხოელ მომხმარებლებს, მათ შორის ამერიკულ Perplexity AI-ს, მოემსახურება.
Firebird-ის შეფასებით, გაფართოების შემდეგ კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილ, ხოლო ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოთვლით კლასტერს შექმნის.
Bloomberg ასევე მიმოიხილავს სომხეთსა და Nvidia-ს შორის თანამშრომლობის განვითარებას. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კომპანიის ოფისს 2019 წელს ეწვია, 2022 წელს Nvidia-მ სომხეთში წარმომადგენლობა გახსნა, ხოლო 2023 წელს ქვეყანას კომპანიის ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი ეწვია. Firebird-ის ხელმძღვანელის, რაზმიგ ოვაკიმიანის განცხადებით, ჰუანგის ვიზიტმა პროექტის საფუძვლის შექმნას შეუწყო ხელი.
გამოცემა ასევე წერს აშშ-ის მიერ მოწინავე ჩიპების ექსპორტზე გაცემულ ნებართვებზე. Bloomberg-ის ცნობით, მოლაპარაკებების მონაწილეებზე დაყრდნობით, სომხეთში ჩიპების მიწოდების საკითხი აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას დაუკავშირდა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევას ისახავდა მიზნად.
ამასთან, Firebird-ში აცხადებენ, რომ ჩიპების ექსპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადი ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში შეიტანეს და დიპლომატიური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.