რუმინეთში პროევროპული პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.
როგორც „გარდიანი“ წერს, რუმინეთში პირველ დეკემბერს გამართული არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ხმა მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. მათ კოალიცია შეკრეს ცენტრისტ-მემარჯვენე ლიბერალებთან, ოპოზიციურ ცენტრისტულ „რუმინეთის გადარჩენის კავშირთან“ და ეთნიკური უნგრელების პარტიასთან.
კოალიციის წევრი პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ კანდიდატს წარადგენენ.
ამასთან, მედიის ცნობით, ხმების 30 პროცენტი მიიღო სამმა ულტრანაციონალისტურმა და ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელთა ნაწილი რუსეთის მიმართ სიმპათიას ღიად აფიქსირებდა.
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ხმების უმეტესობა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა. მეორე ტურში მისი კონკურენტი ლიბერალური, მოდერნისტული პარტიის ლიდერი ლასკონი უნდა ყოფილიყო. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 8 დეკემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო გააუქმა.
შედეგად, პრეზიდენტის არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს და მის თარიღს ახალი მთავრობა დაასახლეებს. სავარაუდოდ, კენჭისყრა 2025 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
ჯერ უცნობი რჩება, მისცემენ თუ არა ჯორჯესკუს არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის უფლებას. პროკურატურა მისი საარჩევნო კამპანიის გარშემო გამოძიებას აგრძელებს.
ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ამ თანამდებობას რუმინეთის მოქმედი ლიდერი, კლაუს იოჰანესი შეინარჩუნებს.