პოლონეთის საზღვართან მატარებელზე დარტყმა ვლადიმერ პუტინის მიერ წინასწარ გათვლილი ესკალაციაა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი ევროპაში შიშის დანერგვაა.

„მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ, რომ პროვოკაციებს ავყვეთ. თუმცა, ამავდროულად, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ. ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა. მან ეს იცის და სწორედ ამიტომ აკეთებს ამას“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთმა დრონებით თავდასხმა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე იაგოდინის სადგურზე მყოფ სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განახორციელა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ „უკრზალიზნიცამ“ განაცხადა, რომ შესაძლოა, დრონებით დარტყმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელიც ლოკომოტივის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე, იაგოდინის სადგურზე იდგა. მატარებელში ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების მრჩევლები და ყოფილი ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.