დღევანდელ არასტაბილურ საერთაშორისო სისტემაში შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრად ყალიბდება. ბოლო წლების მოვლენები, მათ შორის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ნათლად ასახავს ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და იკვეთება ისეთი აქტორების ინტერესები, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ევროპა და აშშ. ყირიმის ანექსიის შემდეგ საზღვაო ძალთა ბალანსიც შეიცვალა. 

შავ ზღვაში სულ ახლახან ნატოს სწავლება „საზღვაო ფარი“ დაიწყო და მასში 2300-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. წვრთნების მიზანია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის კოორდინაცია და ერთობლივი ოპერაციების განხორციელება. სწავლებებში  ჩართული არიან 1600-ზე მეტი რუმინელი სამხედრო და 11 პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცები ევროპიდან და ამერიკიდან.

შავ ზღვაში საზღვაო ძალები რეგიონის 5 ქვეყანას აქვს. საქართველო კი სანაპირო დაცვითაა წარმოდგენილი შავ ზღვაზე. ამ ქვეყნებიდან თურქეთსა და რუსეთს საზღვაო შესაძლებლობები მხოლოდ შავ ზღვაზე არ აქვს კონცენტრირებული და შესაბამისად, ეს მონაცემები საერთო სურათს იძლევა. აღნიშნული მონაცემები „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერაა მომზადებული.

თურქეთი:

·პირადი შემადგენლობა – 45 000

·წყალქვეშა ნავი – 12

·საბრძოლო ფრეგატები და კორვეტები  – 26

·საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდი – 45

ბულგარეთი:

·პირადი შემადგენლობა – 4 450

·ფრეგატი – 3

·საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდი – 4

რუმინეთი:

·პირადი შემადგენლობა – 6800

·ფრეგატები და კორვეტები  – 7

·საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდი – 24

უკრაინა:

·პირადი შემადგენლობა – 11 000

·ამფიბიური და სხვა საბრძოლო ხომალდები – 6

·საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდი – 18

რუსეთი:

·პირადი შემადგენლობა – 145 000

·წყალქვეშა ნავები – 51

·ძირითადი საბრძოლო ხომალდები – 31

·გამანადგურებლები და ფრეგატები  – 27

·საპატრულო და სხვა ტიპის ხომალდები – 128

რუსეთისა და თურქეთის მონაცემები გულისხმობს არამხოლოდ შავი ზღვის აუზში მყოფ სამხედრო ძალას, რადგან ამ ორ ქვეყანას სხვა მიმართულებებითაც ჰყავს ფლოტი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანას მხოლოდ სანაპირო დაცვის კომპონენტი აქვს და ამ დანაყოფის პირადი შემადგენლობა არ აღემატება 500 კაცს, საზღვაო საშუალებები კი 22 ერთეულით შემოიფარგლება.

რეგიონის 3 ქვეყანა ნატოს წევრი სახელმწიფოა: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი. ნატოს წევრი სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი სამხედრო ბაზებია – ხოფაში, სამსუნში, გოლჩუკში, ვარნასა და კონსტანცაში.

უკრაინის საზღვაო ძალები ოდესაში არიან კონცენტრირებულნი.

რაც შეეხება რუსეთს – ანექსირებული ყირიმის ტერიტორიასა და ასევე ნოვორისიისკში მას შემდეგ, რაც უკრაინის შორი დარტყმებით არაერთი საზღვაო ხომალდი გაუნადგურდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, დაიწყეს ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე – ოჩამჩირეში.

უნდა ვახსენოთ 1936 წლის მონტრეს კონფერენცია, სადაც თურქეთის სუვერენიტეტი აღდგა სრუტეებზე. კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში ატარებენ არსებითი შეზღუდვების გარეშე. სხვა ქვეყნების სამხედრო გემების გატარება იზღუდება მათი კლასის, ტონაჟისა და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით. ექსპერტები საუბრობენ, რომ მონტრეს კონვენცია მოძველდა და მიმდინარე წლის თებერვალში ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, თუ როგორ დააზღვიონ საფრთხე, რომ პუტინმა ცოტა ხანში ისევ არ შეუტიოს უკრაინას. ამ გეგმის ფარგლებში განიხილება პატრულირება შავ ზღვაში, კომერციული საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით.

წყარო: euronews georgia