ის, რომ პოლონეთის მთავრობა საკუთარი მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს, ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, „ქართული ოცნება“ აქ რა შუაშია?- არ ვიცი პოლონეთი როგორ აპირებს მუშახელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი საქართველოში დეფიციტია და გვჭირდება მუშა ხელი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლონეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ.
საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსაც საკმაოდ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს და ვერც პოლონელები ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ მარტივად.
„ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებს გერმანია, სხვა ქვეყნები ცდილობენ, რომ საკუთარი მიგრაციის პოლიტიკა გადააწყონ, რაც შეიძლება მათი გადმოსახედიდან გამართლებულიც იყოს, თუმცა შიდა დისკუსიასაც ვაკვირდებით, რომ საკმაოდ დაგვიანებულია ევროკავშირისთვის - იმ ღია საზღვრების პრინციპმა, რაც ჰქონდათ მათ ზოგადად, ევროკავშირი ბევრ რამეში შეაფერხა.
ეს არის პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკის ნაწილი, საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი და იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დიდია მოთხოვნა, უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ამას, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი იქ ჩადიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იყო მოთხოვნა მუშა ხელზე. არ ვიცი პოლონეთი როგორ აპირებს მუშა ხელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჯერ ერთი საქართველოში დეფიციტია და გვჭირდება მუშა ხელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.