საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის განცხადებით, თუ ფრინველის გრიპის ვირუსი მუტაციას განიცდის, შესაძლოა, COVID-ზე უარესი პანდემია გამოიწვიოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს და განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ეს სიტუაცია კოვიდპანდემიაზე უარესი - საქმე ისაა, რომ გრიპის გავრცელებული შტამების H1 და H3-სგან განსხვავებით,ადამიანებს არ აქვთ თავდაცვის მექანიზმი  (ანტისხეული) H5 გრიპის ვირუსის მიმართ.

ინსტიტუტის რესპირატორული ინფექციების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მაღალპათოგენურმა ფრინველის გრიპმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასობით მილიონი ფრინველის განადგურება გამოიწვია, რასაც საკვების მარაგის შემცირება და ფასების ზრდა მოჰყვა თუმცა ადამიანებში ინფიცირება იშვიათია.

ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და «ადაპტაცია» მოახდინოს ძუძუმწოვრებთან ან ადამიანებთან — ანუ გახდეს ადამიანიდან ადამიანზე გადამდები.

გარდა ამისა, COVID–ისგან განსხვავებით, გრიპის ვირუსები ხშირად უფრო აგრესიულად მოქმედებენ და შეუძლიათ სერიოზული საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელ ადამიანებს, მათ შორის — ბავშვებს.

სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მუტაციას განიცდის და ადამიანზე ადვილად გადამდები გახდება, ათასობით მილიონობით ადამიანი შეიძლება სრულიად დაუცველი აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე რეალურია, ამ ეტაპზე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ არის დაფიქსირებული და ამიტომ ამ ეტაპზე პანდემიის ალბათობა დაბალია.

კარგი ამბავი არის ის, რომ მსოფლიო დღეს პანდემიისთვის ბევრად უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე COVID–ის დასაწყისში: მზად არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები და აქვს ანტივირუსული მედიკამენტების მარაგები.

H5 ტიპის გრიპი ძირითადად ველურ და შინაურ ფრინველებში ვრცელდება, მაგრამ ზოგჯერ ადამიანებზე გადადის ინფიცირებულ ფრინველთან ახლო კონტაქტით.

მისი სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, ყველაზე გავრცელებულია: მაღალი ტემპერატურა, წელის, კუნთებისა და თავის ძლიერი ტკივილი, ხველა (ხშირად მშრალი), ყელის ტკივილი, სისუსტე. ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თვალების ანთება (კონიუნქტივიტი). რთულ შემთხვევებში ფიქსირდება პნევმონია, სეფსისი, ორგანოების უკმარისობა. სიკვდილიანობა მაღალია და H5N1–ის შტამის შემთხვევაში 50%-ც კი აღწევს.

jandacva.ge