მარტივად ამტვერებადი და აალებადი მასალების, მეორადი ნაწილების, მეორადი საბურავებისა და ჯართის განთავსება/რეალიზაციის წესების მოსალოდნელი გამკაცრების ფონზე, თბილისის ტერიტორიაზე ავტოსერვისების კომპანიების გაფრთხილება მიმდინარეობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე კომპანიაში განუცხადეს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან მცირე და საშუალო ბიზნესები იღებენ გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულ მისამართებზე ფუნქციონირების გაგრძელებას 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ვეღარ შეძლებენ.
კომპანია „გრინ ლაინის“ დამფუძნებლის, არჩილ კვიცარიძის თქმით, მეწარმეების ნაწილს სრულად მოუწევს ახალ მისამართებზე გადასვლა, ნაწილი კი უცვლელი ადგილმდებარეობით, თუმცა ახალი რეგულაციების დაცვით გააგრძელებს მუშაობას. მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ცვლილებები ყველა შესაძლო ვარიანტში გაზრდის ფასებს ავტოსერვისებზე.
„ივერთუბანში მივიდნენ მეორადი ნაწილების და მანქანის შეკეთების სერვისის ობიექტებზე და პირდაპირ უთხრეს, რომ იქაურობა უნდა დაიკეტოს. განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთ. ეს ბიზნესები უკვე ეძებენ ალტერნატიულ ფართებს. განუმარტეს, რომ კონკრეტულად იმ მლოკაციაზე არ შეიძლებოდა მათი საქმიანობა.
ავტოსერვისებს შეიძლება მასიურად მოუწიოთ სხვა ლოკაციებზე გადასვლა. ეგეთი ინფორმაციები მოდის ჩვენამდე, რომ უნდა გადავიდეთ ქალაქგარეთ ან გარეუბნებში. სავარაუდოდ, ნებადართული იქნება გლდანის შემოვლით გზაზე, წეროვანში, ლილოში, ორხევისკენ და მსგავს ტერიტორიებზე. დასახლებული ადგილი არ უნდა იყოს ოღონდ. ძირითადად, ეს შეეხება საბარავებს, ზეთებს და ასეთ მარტივად აალებად ნივთიერებებს. რაც შეეხება წესებს, როგორც ვიცი 30-სანტიმეტრიან ბეტონს სთხოვენ და გადახურულს მასალის განთავსებისთვის.
კონკრეტულად ჩემს კომპანიას შეეხება თუ არა, ჯერაც გაურკვევლობაში ვარ. ყველა გვამისამართებს, მაგრამ ვის ეხება და ვის არა, ვერავინ ვერ გვეუბნება. მერიაც ვერ გვეუბნება და სად უნდა გავარკვიოთ, ეს მაინც რომ ვიცოდეთ. ადვოკატებიც გვეუბნებიან, რომ პირველად ესმით ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით ვერაფერი ვერ გავიგეთ. რომ ვერ არკვევ, მთავარი პრობლემა ესაა. ჩემი აზრით, იანვრიდან ვერ გადაგვიწყვეტენ ამ ყველაფერს. იმდენი დასაქმებულია სფეროში, დრო გჭირდება, რომ რაღაცაზე გადაეწყო. მშიერი ხომ არ დარჩება ეს ხალხი?! თან როცა იმასაც ვერ გეუბნებიან, სად უნდა წახვიდე.
ყველა ვარიანტში, ხარჯები გამეზრდება ძალიან და არ ვიცი, რამდენად შევძლებთ მაგას. პრაქტიკულად, ბიზნესის ჩავარდნას გამოიწვევს ეს ყველაფერი. არ მგონია, ქალაქგარეთ ვინმემ შემომთავაზოს აშენებული ბოქსები ვამუშაო. ისევ მე მომიწევს ან შეძენა მიწის, ან ქირაობა.
ხარჯების ზრდა კი სერვისი მნიშვნელოვნად გაძვირებას გამოიწვევს. ბევრი ვერ შეძლებს ცვლილებებზე გადაწყობას და კონკურენტუნარიანიც აღარ იქნება ბაზარი. ვინც შეძლებს, თავიდანვე ფულის ჩადება დასჭირდება და შემდეგ ბუნებრივია, გაძვირებული სერვისით თანხის ამოღებაზე იმუშავებს“, - აცხადებს „გრინ ლაინის“ დამფუძნებელი.
ბაზარზე მომუშავე კიდევ ერთი მეწარმე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ხარჯები და აქედან გამომდინარე სერვისიც, დაახლოებით 3-ჯერ გაძვირდება. ავტო ინდუსტრიის წარმომადგენლები მოსალოდნელი საცობების პრობლემაზეც საუბრობენ.
„ ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს. თბილისის მასშტაბით, შემოგარენში მაქსიმუმ 3 მიმართულებაა, საითაც შეგიძლია გადახვიდე. ესაა სამრეწველო ზონები გლდანის შემოვლით გზაზე, ორხევში ან წეროვნისკენ. საუბარია ძირითად მიმართულებებზე. ცვლილება პრობლემას გამოიწვევს საცობების მხრივ. სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი კატასტროფა. წარმოიდგინეთ, ზეთის შესაცვლელად შესაძლოა, თბილისიდან მოგიწიოს გასვლა. ამ ძირითად მიმართულებებზე მოუწევს სიარული ყველას სერვისების მისაღებად. დროც ხომ უნდა დაკარგო? თბილისის მასშტაბით ზეთს ვერსად ვეღარ შეცვლი, მეორად საბურავს ვეღარ დააყენებ აკრძალულ ზონებში. მხოლოდ დედაქალაქში არსებულ სამრეწველო ზონებში იქნება ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი.
სამრეწველო ზონებში ნებადართული რომ გახდება ეს საქმიანობა, ხარჯიც და ქირაც მოიმატებს დაახლოებით სამჯერ. აქედან გამომდინარე, სერვისიც სამჯერ გაძვირდება.
ვულკანიზაციას ქალაქში არავინ არ კრძალავს, ახალ საბურავს არავინ არ კრძალავს, მაგრამ გადახურულში უნდა იყოს დაცულად, მეორად საბურავს კი მაინც ეკრძალება გაყიდვა, ღია სივრცეშიც რომ არ გქონდეს. კანონში წერია ასე, მაგრამ დეტალებში არავინ არაფერი არ ახსნა. ჩვენ მაგალითად, ზეთის შეცვლის სერვისიც გვაქვს, რომლის დაკეტვაც ალბათ, მოგვიწევს. გვაქვს შეკეთების ნაწილიც, რომელსაც სავარაუდოდ, არ შეეხება გადატანა. მივესალმები ამ ყველაფერს, ეკოლოგიის მხრივ სრული გაუგებრობაა ფეიქრებზე, გინდაც ისანში ან ელიავაზე, მაგრამ მეორე მხარეა უკვე ბიზნესი. მე თუ ობიექტზე დავიცავ ეკოლოგიას, სისუფთავეს და უსაფრთხოების ნორმებს, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონაში ვიფუნქციონირო. თანაც, როცა მანამდე ეს უფლება გვქონდა“, - აცხადებს ავტო სერვისის ობიექტის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალება.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობა ნებადართული არ იქნება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. დასაშვებ ფუნქციურ ზონებში კი (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.