ევროს ბანკნოტების ახალი სერია უკვე მზადების პროცესშია და მათი დიზაინის საბოლოო ვარიანტი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) წლის ბოლომდე უნდა შეარჩიოს. ახალი ბანკნოტები უფრო დაცული, ხელმისაწვდომი და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო უნდა იყოს.

ახალი დიზაინის არჩევაში საზოგადოებაც ჩაერთო: ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ გამართულ გამოკითხვაში 9.96 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვა 23 ივლისიდან 21 სექტემბრამდე მიმდინარეობდა და მონაწილეებს 10 დიზაინის ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლოთ.

ახალი დიზაინის ათი ფინალისტი ორი მთავარი თემის გარშემო შეირჩა: „ევროპული კულტურა“ და „მდინარეები და ფრინველები“. კულტურის თემაზე წარმოდგენილ ვარიანტებში ევროპული ხელოვნებისა და მეცნიერების ცნობილი პერსონები, მათ შორის ლეონარდო და ვინჩი, მარია კალასი, ბეთჰოვენი, მარი კიური, მიგელ დე სერვანტესი და ლეონარდო და ვინჩი არიან წარმოდგენილი, ხოლო მეორე მიმართულება ევროპის ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებაზეა ორიენტირებული. 

ECB-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველთა საბჭო 2026 წლის ბოლოსთვის მიიღებს. ამის შემდეგ დაიწყება შერჩეული დიზაინის დახვეწა, ბანკნოტების წარმოებისთვის მომზადება და უსაფრთხოების ახალი ელემენტების შემუშავება.

ახალი ბანკნოტების გამოშვება 4-5 წელიწადში იგეგმება. დღეს არსებული ევროს ბანკნოტები კი, ძალაში დარჩება და ახალი სერიის ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.